თბილისში აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიური შეხვედრა, ოფიციალურად გაიხსნა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ADB-ს მმართველთა საბჭოს წლიური შეხვედრა საქართველოში იმართება. 68 ქვეყნიდან მოწვეულ სტუმრებს, მათ შორის ფინანსთა მინისტრებს, ცენტრალური ბანკის მმართველებს, მთავრობების მაღალი რანგის წევრებს, კერძო და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, აზიის ბანკის პრეზიდენტმა და ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა.
"ხიდი მომავლისკენ" - ირაკლი კობახიძემ დღევანდელი შეხვედრის მთავარ მოტივზე ისაუბრა, რაც მისი თქმით, საჭირო პლატფორმას სთავაზობს წევრ ქვეყნებს ეკონომიკური განვითარების ტენდენციების, საერთო მიზნების, გეგმების, რეგიონული თუ გლობალური კრიზისების დაძლევის პერსპექტივების განსახილველად.
პრემიერი ამბობს, რომ ამავე დროს ეს სლოგანი საუკეთესოდა ასახავს საქართველოს კურსს, რაც უფრო განვითარებულ, ეკონომიკურად ძლიერ, უსაფრთხო და დაცულ მომავალზე გადის. პრემიერმა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და გაუმჯობესებულ ეკონომიკურ მაჩვენებლებზეც ისაუბრა. აღნიშნა, რომ ხელისუფლება განაგრძობს ინვესტირებას საქართველოს მრავალგანზომილებიან რეგიონულ ჰაბად გარდაქმნაში.
თავად აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა კი სიტყვით გამოსვლისას გლობალურ საკითხებზე ისაუბრა:
"ყურადღება უნდა გავამახვილოთ ყველა იმ გამოწვევაზე, რაც აქტუალურია მსოფლიოში. მათ შორის კლიმატის ცვლილება, ის გამოწვევები რომელიც კრიზისებიდან მომდინარეობს და ეს შეიძლება საფუძველს უცვლიდეს გადარჩენის გზებს. განვითარება ვერ შეჩერდება. გამოწვევები უნდა იქნას დაძლეული. დღევანდელი შეხვედრა გვაძლევს შესაძლებლობას სიღრმისეულად გავიაზროთ ის ქმედებები, რაც მსოფლიოში არის განსახორციელებელი, რომ შევქმნათ სასურველი მომავალი. კლიმატის ცვლილებებიდან გამოწვეული საფრთხის იგნორირება შეუძლებელია. 2023 იყო ყველაზე ცხელი წელი ამ პლანეტაზე, რამაც გავლენა იქონია სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობაზე და კლიმატის ცვლილებების მიმართ მოწყვლადობა გაიზარდა. კიდევ ერთ პრიორიტეტულ მიმართულება არის ციფრული ტექნოლოგიების განვითარება, რათა დიდი სიფრთხილით მოხდეს ხელოვნური ინტელექტის იმისათვის, რომ ეკონომიკური ზრდა იყოს უზრუნველყოფილი და ამავდროულად ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის და კლიმატის ცვლილების სფეროში არსებული გამოწვევები იქნეს დაძლეული. განვითარების ბანკი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ხელოვნური ინტელექტის საშუალებები და ტექნოლოგია ზოგადად იყოს გამოყენებული ყველაზე გონივრული გზით,"- აცხადებს აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი მასაცუგუ ასაკავა.