9 მაისისთვის, ოფიციალური უწყებების მხრიდან იყო მინიშნებები, რომ ამ თარიღის მოახლოებასთან ერთად, საოკუპაციო ძალა ეცდებოდა გააქტიურებას. რუსული ჯარები იზიუმისა და დონეცკის ოლქის დასახლებებზე თავდასხმებისთვის ემზადებიან. ღამით რუსმა ოკუპანტებმა ცეცხლი გახსნეს დნეპროპეტროვსკის და ლუგანსკის ოლქებში. ქალი ემსხვერპლა დაბომბვებს სევეროდონეცკში, ხარკოვში დაიღუპა 3 ადამიანი, მსხვერპლი იყო დონეცკის რეგიონში, სადაც დაბომბვებს ოთხი ადამიანი შეეწირა, არიან დაშავებულები. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსებმა ცეცხლი გახსნეს სუმშიც, დაიბომბა ებრაული სასაფლაო.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპიკერი, პავლო კოვალჩუკი აცხადებს, რომ დიდია უკრაინის მასშტაბით სარაკეტო დარტყმების ალბათობა და რუსების აქტიურობა ბევრი მიმართლებით შეიმჩნევა.
"დიდია უკრაინის მასშტაბით სარაკეტო დარტყმების ალბათობა. რუსი ოკუპანტების ძალიან დიდი აქტიურობა შეიმჩნევა სლობოჟანსკის და დონეცკის მიმართულებებით. ზაპორიჟიეს ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაფიქსირდა შემთხვევები, როცა ადგილობრივ მოსახლეობას უმიზეზოდ ართმევდნენ საბუთებს, რომლებსაც იმ შემთხვევაში დაუბრუნებენ, თუ მონაწილეობას მიიღებენ გამარჯვების დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებებში. დროებით ოკუპირებული ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, მტერი საზეიმო აღლუმისთვის აქტიურად ემზადებოდა. დონეცკის მიმართულებით მოწინააღმდეგემ ავიაციისა და არტილერიის მხარდაჭერით, ძირითადი ძალისხმევა რუბეჟნოეს და პოპასნაიას დასახლებებზე კონტროლის მოპოვების მცდელობისკენ მიმართა და ცდილობს გაარღვიოს ჩვენი ჯარების თავდაცვა." - განაცხადა კოვალჩუკმა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერის, იგორ კონაშენკოვის განცხადებით, რუსეთის "სპეციალურ სამხედრო ოპერაცია" უკრაინაში გრძელდება.
"რუსეთის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას უკრაინაში. რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალების მაღალი სიზუსტის რაკეტებმა ხარკოვის ოლქში გაანადგურეს მექანიზებული ბრიგადის სამეთაურო პუნქტი, სატელეკომუნიკაციო ობიექტი პიატიხატკის დასახლებასთან და სამხედრო აეროდრომი ქალაქ არციზის მახლობლად. ასევე განადგურებულია უკრაინის საზღვაო ძალების კორვეტი", - აცხადებს კონაშენკოვი.