"ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ, პარლამენტის სხდომაზე, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის თაობაზე განცხადება გააკეთა.
დეკანოიძის თქმით, აუცილებელია მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მაღალი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე კლინიკების ექიმებმა შეისწავლონ.
"საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადარჩენა, ეს არის პირველ რიგში ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა, მეორე - ეს არის ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი გამოწვევის აცილება და მე მოგიწოდებთ ყველას, პირველი - აუცილებლად დაუშვით საერთაშორისო ექსპერტები ციხეში, თქვენ იცით, რომ მხარეს დიდი ხანია მოთხოვნილი აქვს საერთაშორისო ექსპერტის ჩამოსვლა. მეორე - ჩემმა კოლეგამ, თამარ კორძაიამ გააკეთა განცხადება ამის შესახებ, ეს გულისხმობს იმას რომ საერთაშორისო ექიმები დაუყოვნებლივ, მაღალი რეპუტაციის მქონე კლინიკებიდან უნდა შევიდნენ და შეისწავლონ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა. ფშონკამაც კი ვერ გაბედა და დაუშვა საერთაშორისო ექიმები ციხეში იულია ტიმოშენკოსთან, რომელიც ორი კვირა შიმშილობდა. მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს 50 დღეა, მას აქვს უმძიმესი მდგომარეობა," - განაცხადა დეკანოიძემ.