08 მაისი 2024,   05:47
ვრცლად
ზელენსკიმ რადას საომარი მდგომარეობის გახანგრძლივებისთვის მიმართა - ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში აფეთქებების ხმა ისმის

დონეცკში რუსეთის თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 3 ბავშვი. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, დაშავებულთა შორის 9 წლის ბავშვიცაა. როგორც ცნობილია დონეცკის ოლქი ბოლო 24 საათში 28-ჯერ დაიბომბა, განადგურებულია 52 საცხოვრებელი შენობა.

რუსებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს მიკოლაივზეც, განადგურებულია რამდენიმე საცხოვრებელი შენობა,  შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

ომის 84-ე დღეს ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის პარლამენტს საომარი მდგომარეობის გახანგრძლივება შესთავაზა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, შესაბამისი კანონპროექტი უკვე დარეგისტრირდა.

ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ისმის აფეთქებების ხმა. შავი ზღვიდან სარაკეტო იერიში განხორციელდა ოდესაზე. ოპერატიული სარდლობის "სამხრეთის" ინფორმაციით, მსხვერპლი და ნგრევა არ არის.

ოკუპანტები აგრძელებენ ჩერნიგოვის, სუმის და ხარკოვის რეგიონების დასახლებების დაბომბვას. უკრაინის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთი გრძელვადიანი ომისთვის ემზადება.

"გრძელდება რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. მტრის მთავარი მიზანი ამ დროისთვის იგივე რჩება - ჩვენი გაერთიანებული ძალების ჯგუფის დამარცხება და ბლოკადა აღმოსავლეთ ზონაში, დონეცკის, ლუგანსკისა და ხერსონის ოლქების ტერიტორიების სრულად აღება და დროებით ოკუპირებულ ყირიმთან სტაბილური სახმელეთო დერეფნის შენარჩუნება. ისევ არსებობს უკრაინის სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე მტრის სარაკეტო დარტყმის საფრთხე როგორც შავი ზღვიდან, ასევე ბელორუსის რესპუბლიკის ტერიტორიიდან.

რაც შეეხება "აზოვსტალს" - ყველას მოგიწოდებთ, ცოტა ხნით დავიცადოთ. უკრაინის მთავრობა უდიდეს ძალისხმევას ახორციელებს ჩვენი სამხედროების გადასარჩენად. საჯაროდ გაჟღერებულმა ნებისმიერმა ინფორმაციამ შეიძლება დააზიანოს ეს ძალიან დელიკატური პროცესი, ამიტომ ამ საკითხზე ამ მომენტში მეტის თქმა არ შემიძლია. ახლა მთავარი ჩვენი გმირების სიცოცხლის გადარჩენაა,"- განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა ალექსანდრე მოტუზიანიკმა.

დღის ამბები