02 მაისი 2024,   17:35
ვრცლად
უკრაინა პოლონეთთან საერთო საბაჟო კონტროლს დანერგავს

უკრაინა პოლონეთთან საერთო საბაჟო კონტროლს დანერგავს - ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ეს ისტორიული პროცესი და ევროკავშირის საერთო საბაჟო სივრცეში უკრაინის ინტეგრაციის დასაწყისია.

ომის 88-ე დღის ბოლოს გავრცელებულ ვიდეო-მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა მიმდინარე კვირას დაგეგმილ საერთაშორისო აქტივობებსა და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობაზე ისაუბრა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა ყოველკვირეულად აფართოებს საერთაშორისო კავშირებს, რათა მიიღოს ყველაფერი, რაც ომის მალე დასასრულებლად სჭირდება. უკრაინის პრეზიდენტი დღეს სიტყვით გამოვა დავოსის ეკონომიკურ ფორუმის გახსნაზე.

"გადაწყვეტილება, რომელიც დღეს გამოვაცხადე, არის კანონპროექტის მომზადება, რომელიც იქნება პოლონეთში უკრაინელების შესახებ მიღებული კანონის ანალოგი. უკრაინელ კაცებსა და ქალებს, რომლებიც ომს გაურბიან და დროებით რჩებიან პოლონეთში, ეძლევათ იგივე შესაძლებლობები, რაც პოლონელებს.

უკრაინაში ასეთი კანონის მიღება სწორი ჟესტი იქნება. დაე, პოლონეთის მოქალაქეებს არასოდეს მოუწიოთ ასეთი კანონის გამოყენება, მაგრამ მოდით, გამოვხატოთ ჩვენი მადლიერება და პატივისცემა.

ასევე მინდა, რომ ეს იყოს ჩვენი ახალი სამეზობლო პოლიტიკის ნაწილი. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ დავები და წარსულის ზეწოლა მოვხსნათ ჩვენი ამჟამინდელი ურთიერთობებიდან უკრაინის ყველა მეზობელთან, რომლებიც პატივს სცემენ და არ არიან ჩვენი სახელმწიფოს ოკუპანტები.

მიღებულია გადაწყვეტილება, რომელიც რევოლუციას მოახდენს ჩვენს საზღვარზე არსებულ წესრიგში. ჩვენ ვნერგავთ საერთო საბაჟო კონტროლს პოლონეთთან. ეს მნიშვნელოვნად დააჩქარებს სასაზღვრო პროცედურებს. აღმოფხვრის კორუფციული რისკების უმეტესობას. მაგრამ ეს ასევე არის ევროკავშირის საერთო საბაჟო სივრცეში ჩვენი ინტეგრაციის დასაწყისი. ეს მართლაც ისტორიული პროცესია.

რა თქმა უნდა, დღეს ანდჟეისთან ვისაუბრე უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებაზე. ასევე საჭირო ნაბიჯებზე ჩვენი საერთო მიზნის განსახორციელებლად – უკრაინის ევროკავშირში სრულუფლებიანი გაწევრიანებისთვის," - განაცხადა ზელენსკიმ.

დღის ამბები