25 აპრილი 2024,   20:00
ვრცლად
განადგურებული მარიუპოლი, გაუპატიურებული ბუჩა, ჩაძირული ფლაგმანი "მოსკოვი" და მზადება გადამწყვეტი ბრძოლისთვის - უკრაინის ომის დაწყებიდან 3 თვე გავიდა

სანამ დასავლეთი ცდილობს ჩაეხსნას რუსულ ნავთობს და გაზს, უკრაინაში რუსეთს უკვე ქვეყნის ტერიტორიის 21 პროცენტი აქვს ოკუპირებული. სამი თვე ომის დაწყებიდან. 24 თებერვლამდე რუსეთის მიერ ოკუპირებული იყო უკრაინის 7 პროცენტი, დღეს ეს რიცხვი თითქმის სამჯერ მეტია.

რუსული არმია ომის დაწყებიდან სამი თვის თავზე უკრაინის 125 ათას კილომეტრს აკონტროლებს. ახლა რუსები ლიმანის თავდაცვის გარღვევას, ქალაქის აღებას და დონეცკის ოლქის საზღვრამდე გასვლას ცდილობენ. ტერიტორია მესამე დღეა 24 საათის განმავლობაში იბომბება. მსხვერპლისა და დაჭრილების რაოდენობის დათვლა ვერ ხერხდება, გადარჩენილების ევაკუაცია კი ამ ეტაპზე შეუძლებელია.

კიდევ ერთი მიმართულება დონბასზე ლუგანსკის ოლქია. ქალაქები ისეთი ინტენსიობით იბომბება, რომ მაშველები ნანგრევებიდან ადამიანების გაყვანას ვერ ასწრებენ. რუსული არმია ცდილობს ორმაგ ალყაში მოაქციოს უკრაინული თავდაცვა, თუმცა უკრაინული ჯარის ბლოკირება ვერ ხერხდება. წარმატებები რუსებს მხოლოდ ცალკეულ დასახლებებში აქვთ. მოსკოვი იმუქრება რომ თავის მიზანს მაინც მიაღწევს, კიევი კი დონბასის მთავარი ბრძოლისთვის ემზადება და ამტკიცებს რომ წლის ბოლომდე ყირიმამდე გავა. განადგურებული მარიუპოლი, გაუპატიურებული ბუჩა, ჩაძირული ფლაგმანი მოსკოვი და მზადება გადამწყვეტი ბრძოლისთვის - ასეთია სპეცოპერაციის სახელით დაწყებული ომი, რომელიც უკვე სამი თვეა გრძელდება.

ომის დაწყებიდან სამი თვის თავზე საოკუპაციო ძალების მთავარი სამიზნე უკრაინის აღმოსავლეთი და სამხრეთის ნაწილია. აქტიური საბრძოლო მოქმედებები ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში მიმდინარეობს. 90 დღის განმავლობაში რუსული არმია უკრაინის ქალაქებსა და სოფლებში სარაკეტო და საავიაციო დარტყმებს ახორციელებს არა მხოლოდ სამხედრო ობიექტებზე, არამედ საცხოვრებელ სახლებზე, საავადმყოფოებზე, სასწავლო და კულტურულ დაწესებულებებზე.

რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან : ჩრდილოეთიდან - ბელორუსიდან, აღმოსავლეთიდან ოკუპირებული დონბასის ტერიტორიიდან და სამხრეთიდან ანექსირებული ყირიმიდან. პარალელურად, არტილერიამ და ავიაციამ დაბობმა უკრაინის ქალაქები, მათ შორის, დედაქალაქი კიევი.

ომის პირველივე დღეებში განსაკუთრებით მძიმე ვითარება იყო ჩერნიჰივშიკიევთან ახლოს მდებარე ქალაქებში. ასევე სუმის და ხარკივის ოლქში. განუწყვეტლივ იბომბებოდა დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქები. რუსული ჯარი შევიდა ხერსონში და დაიძრა მიკოლაივის მიმართულებით. მხოლოდ ერთ დღეში 10-ობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა უკრაინაში.

ყველა ფიქრობდა, რომ ომის დაწყებიდან პირველივე დღეებში რუსეთი უკრაინას აიღებდა და რუსული დროშა მალევე აფრიალდებოდა. თუმცა ეს ასე არ მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ ერთი თვის განმავლობაში რუსეთმა შეძლო დაებომბა დასახლებული პუნქტები, სამშობიაროები, საავადმყოფოები, სტრატეგიული ობიექტები, ოკუპანტმა ქვეყანამ ვერ მოახერხა მთავარი - უკრაინა ვერ დაამარცხა. ერთი თვის შემდეგ უკრაინა უკვე აქტიურად გადავიდა კონტრშეტევაზე, მათ შორის კიევის მიმდებარედ. ასევე სამხრეთში ხერსონის ოლქის ირგვლივ, მიკოლაივის მიმართულებით.

24 აპრილს კი ფრონტის ხაზზე ვითარება რადიკალურად იცვლება. ომის დაწყებიდან 2 თვის თავზე, უკრაინის ჩრდილოეთიდან სრულად არის გასული რუსული ჯარი. ბუჩაშიირპენშიჩერნიჰივში და კიდევ არაერთ ქალაქში, სადაც უკრაინამ კონტროლი დაიბრუნა, სადაც ყველას უმძიმესი სურათი დახვდა. ქალაქში დამწვარი ადამიანები, ბავშვების, მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები ნახეს. ის რასაც უკრაინა ომის დაწყების პირველივე კვირებში ამბობდა, მსოფლიომ პირდაპირ ეთერში იხილა. "კურიერის" კამერამაც გადაიღო ის მძიმე ვითარება რომელიც გათავისუფლებულ ქალაქებში დახვდათ უკრაინელებს.

რუსეთმა უკრაინაში ომის მეორე ფაზა აპრილის მეორე ნახევარში დაიწყო. მთავარი სამიზნე რუსეთისთვის გახდა უკრაინის აღმოსავლეთი და სამხრეთი. რუსეთმა უკრაინაში ომის მეორე ეტაპის მიზნებიც მალევე დაასახელა. ოკუპანტებმა ღიად თქვეს, რომ რუსეთის მიზანია სრული კონტროლი მოიპოვოს დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე. დონბასის სრული კონტროლი რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებს საშუალებას მისცემს ყირიმის მიმართულებით სახმელეთო დერეფანი შექმნან. უკრაინის სამხრეთზე კონტროლი კი - არის გზა დნესტრისპირეთისკენ.

ომის დაწყებიდან ზუსტად 90-ე დღეს, ანუ სამი თვის შემდეგ, აქტიური საბრძოლო მოქმედებები კვლავ აღმოსავლეთში მიმდინარეობს, რუსეთი კვლავ ცდილობს წინსვლა ჰქონდეს სამხრეთში, მათ შორის ხერსონის ოლქის სრულად დაკავება უნდა და მიიწევს მიკოლაივისკენ, თუმცა უკრაინელი სამხედროების წარმატებული კონტრიერიშის შედეგად მათ შეძლეს რამდენიმე დასახლების გათავისუფლება. ბრძოლა კი გრძელდება.

თითქმის 3 თვის განმავლობაში ცდილობდნენ მარიუპოლის დამცველები ქალაქის გადარჩენას, თუმცა საბოლოოდ მათ აზოვსტალის ქარხნის დატოვება მოუწიათ. მათ შორის იყვნენ: აზოვის პოლკი, მესაზღვრეები, პოლიცია, 36-ე საზღვაო ქვეითთა ბრიგადა, ეროვნული გვარდია და მარიუპოლის ტერიტორიული თავდაცვა. აზოვსტალიდან რუსმა სამხედროებმა სრულად გაიყვანეს უკრაინელი სამხედროები. ჯერჯერობით კვლავ უცნობია რა ბედი ელით მათ - გასამართლება თუ რუს ტყვეებში გაცვლა? თუმცა სამხედრო ექსპერტები ამბობენ, რომ აზოვსტალის მეტალურგიულ ქარხანში მყოფმა მებრძოლებმა შეძლეს, შეეკავებინათ 1000-ობით რუსი დამპყრობელი და არ გაეშვათ ისინი უკრაინის სხვა მიმართულებით.

დღის ამბები