10 აგვისტო 2022,   23:32
ვრცლად
მცხეთა-მთიანეთში უკვე მესამე დღეა სტიქიას ებრძვიან - მეწყერმა ახლადგაწმენდილი ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის მონაკვეთი ისევ დააზიანა

მცხეთა-მთიანეთში უკვე მესამე დღეა სტიქიას ებრძვიან - ჩამოწოლილმა მეწყერმა ახლადგაწმენდილი ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის მონაკვეთი ისევ დააზიანა. 8 საათის განმავლობაში რამდენიმე სოფელი გარესამყაროს მოწყვეტილი იყო. ადგილზე საჭირო გახდა მძიმე ტექნიკის მობილიზება, ამ დროისთვის გზა გაწმენდილია, ადგილობრივებს კი გადაადგილება ავტომობილებითაც შეუძლიათ.

მძიმე რჩება კვლავ სიტუაცია ფსავ-ხევსურეთის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე. ძლიერი ნალექის გამო მდინარე არაგვი კალაპოტიდან გადმოვიდა და რამდენიმე მონაკვეთზე გზა წაიღო. ვითარების სირთულიდან გამომდინარე სამაშველო სამსახურმა შატილიდან და მიმდებარე სოფლებიდან ადგილობრივებისა და ტურისტების ევაკუაცია გუშინდელის მსგავსად ვერტმფრენებით განახორციელა. სულ სტიქიის ზონიდან 200-ზე მეტი მოქალაქეა გამოყვანილი. სპეციალური სამსახურები ამ დროისთვის წვიმის გადაღებას ელოდებიან, რათა დაზიანებული გზის სარემონტო სამუშაოები დაიწყონ.​

სტიქიის ზონაში ორი დღეა მძიმე ტექნიკა მუშაობს, გზის ნაწილი უკვე თავისუფალია, მაგრამ შეზღუდვები რჩება და აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ჟინვალი-შატილი-ბარისახოს გზის დარჩენილ ნაწილზე.

სტიქიის ზონაში 5 ლოკაციაზე ადიდებულმა მდინარემ გზის საფარის ნაწილი წაიღო. 4 მონაკვეთზე პრობლემა გარკვეულწილად მოგვარებულია, თუმცა გზა სრულად აღდგენილი არ არის. რთული რჩება მდგომარეობა ფშავ-ხევსურეთის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზეც.

დუშეთის მუნიციპალიტეტში საფრთხის შემცველ ზონასთან 8 ოჯახი ცხოვრობს, სოფელ მლეთადან დღეს 2 ოჯახს მოუხდა საცხოვრებელი სახლის დატოვება.

რეგიონში უკვე შექმნილია კომისია და თიანეთის 10-მდე სოფელში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. პარალელურად უკვე დაწყებულია საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენისა და კომუნიკაციების მოწესრიგების საპროექტო სამუშაოები.​

ჟინვალი-ბარისახო-შატილის მონაკვეთზე მოძრაობა აღდგენილია. ჟინვალიდან შატილის მიმართულებით მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

დღის ამბები