26 დეკემბერი 2024,   23:36
ვრცლად
"რე მარკეტი" - სპეციალური სავაჭრო სივრცე პატიმარი ქალების ხელნაკეთი ნივთების გასაყიდად

"რე მარკეტი" - სავაჭრო სივრცე სპეციალურად პატიმარი ქალების ხელნაკეთი ნივთების გასაყიდად. წერეთლის გამზირზე გახსნილი მაღაზია იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პროექტია, რომელიც ამერიკელი პარტნიორების დახმარებით შეიქმნა. ტყავის, ხის და თექის მასალისგან ჩანთებს, საფულეებსა და სამაჯურებს, მსჯავრდებულები ციხეში შექმნილ სამუშაო სივრცეში ქმნიან.

დასაქმებული პატიმარი ქალების ნამუშევრების შეძენა მალე ონლაინაც გახდება შესაძლებელი. დაგეგმილია ასევე საკურიერო მომსახურების სერვისის შექმნაც.

მსჯავრდებულების ინდივიდუალური დასაქმების მიზნით, პენიტენციურ დაწესებულებებში სპეციალური სამუშაო სივრცეებია მოწყობილი. მათ შორის ოთახები აღჭურვილია 3D პრინტერებითა და გრავირების აპარატებით, რომლითაც ტყავის, სხვადასხვა დიზაინის აქსესუარის დამზადებაა შესაძლებელი.

"რე–მარკეტი" – ასე ჰქვია ადგილს, სადაც მსჯავრდებულების, პრობაციონერებისა და ყოფილი პატიმრების ნამუშევრების შეძენაა შესაძლებელი.  

მაღაზია აშშ-ის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს მხარდაჭერით გაიხსნა. პროექტის მიზანი მსჯავრდებულების შემოსავლის გაზრდა, საპატიმროში ყოფნის პერიოდის შინაარსიანად გატარება და მომდევნო ეტაპზე სტაბილური შემოსავლის არსებობაა.  

დღის ამბები