27 დეკემბერი 2024,   00:04
ვრცლად
მოკლული 36 წლის ქალი და დანაშაულის ადგილზე მეზობლების მიერ გამოკეტილი სავარაუდო დამნაშავე - რატომ გამოჭრა ყოფილმა ქმარმა ცოლს ყელი

ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, 36 წლის ქალს თავს ყოფილი მეუღელე დაესხა. დავით ცერცვაძემ საკუთარი შვილის დედას ყელი გამოჭრა. სიკვდილამდე ქალი დახმარებას ითხოვა. ყვირილის ხმა მეზობლებმა გაიგეს.

მსხვერპლი ქალის გადარჩენა მეზობლებმა ვერ მოასწრეს, თუმცა მათ მკვლელს გაქცევის საშუალება არ მისცეს. ბინაში შესულ მეზობლებს ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდათ. ამ დროს მოიფიქრეს და სახლში მყოფ სავარაუდო მკვლელს კარი გარედან ჩაუკეტეს. შემდეგ კი, პოლიცია გამოიძახეს. ამით სამართალდამცველებს მამაკაცის დანაშაულის ადგილზე დაკავების საშუალება მიეცათ.

თიკო ტურაბელიძე და დავით ცერცვაძე ერთმანეთს შვიდი წლის წინ დაშორდნენ. ამის შემდეგ ქალი შვილს დამოუკიდებლად ნაქირავებ ბინაში ზრდიდა. მთელი ეს პერიოდი კი, მამაკაცი საზღვარგარეთ ცხოვრობდა. სავარაუდო მკვლელი საქართველოში რამდენიმე თვის წინ დაბრუნდა.

41 წლის მამაკაცმა, დანაშაულის ჩადენამდე საკუთარი შვილი სახლიდან გაიყვანა. დასთან დატოვა და ყოფილ ცოლს დაახლოებით ნახევარ საათში მიაკითხა. 

უმძიმესი დანაშაულის ჩადენის მოტივი უცნობია. დაკავებული მკვლელობის დეტალებზე სავარაუდოდ სასამართლო პროცესზე ალაპარაკდება. მანამდე კი, გამოძიებას დავით ცერცვაძესთვის ბრალის წარსადგენად 24 საათზე ნაკლები დრო რჩება.

დღის ამბები