26 დეკემბერი 2024,   14:31
ვრცლად
პრეზიდენტი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტს რობერტ სპანოს შეხვდა

პრეზიდენტი დღეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტს, რობერტ სპანოს შეხვდა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს როლს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების დაცვის განმტკიცების სფეროში.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მზად არის, როგორც საქართველოს მეგობარი და პარტნიორი, ითანამშრომლოს საქართველოსთან ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერების მიმართულებით.   

რობერტ სპანომ აღნიშნა, რომ მიუხედავად დღეს არსებული გამოწვევებისა, 10 წლის განმავლობაში საქართველოში ბევრი რამ გაკეთდა ადამიანის უფლებების დაცვის, სასამართლოს მიმართ ნდობის გაზრდისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით.

საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა დეპოლარიზაციის მნიშვნელობას. პრეზიდენტმა საქართველოს  მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვების პროცესში ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა ევროკავშირის რეკომენდაციას, რომელიც ითვალისწინებს ქართული სასამართლოების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განაჩენების თავიანთ გადაწყვეტილებებში პროაქტიულად გამოყენებას. თავის მხრივ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საქართველოსთან ამ კუთხით თანამშრომლობისათვის სრულ მზაობას გამოთქვამს.

მხარეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ უკრაინის მიმართ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი საფრთხეს უქმნის ევროპისა და მსოფლიოს მშვიდობას, უსაფრთხოებასა და ადამიანის უფლებათა დაცულობას.

დღის ამბები