ევროკომისიამ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პირველი კლასტერი გაუხსნა. ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, ქვეყნების ნეგატიური რეიტინგების მიუხედავად, ამტკიცებს, რომ მოლდოვამ და უკრაინამ ევროინტეგრაციისთვის საჭირო რეკომენდაციების უმრავლესობა შეასრულა. მარტა კოსმა დღეს ისიც თქვა, რომ ევროპული გაერთიანება ახალი წევრების მიღებას შეზღუდული უფლებებით გეგმავს - საუბარია ვეტოს და ეკონომიკურ გადაწყვეტილებებზე ხმის უფლების ჩამორთმევაზე.
შერჩევითი და არასერიოზული მიდგომა, რომელიც დამატებით ეჭვებს აჩენს - ასეთია მმართველი გუნდის პოზიცია. სახელისუფლებო გუნდში, მოლდოვა-უკრაინაში არსებულ მწვავე კრიზისზე საუბრობენ. ამბობენ, რომ მოქმედი ბიუროკრატების მიდგომა - ახალი წევრებისთვის გადამწყვეტი ხმის ჩამორთმევის შესახებ, ადასტურებს, რომ ევროკავშირი ასპირანტებს მეორეულ ქვეყნებად აღიქვამს.
ევროკავშირის დაკვეთით გამოქვეყნებული განსხვავებული რეიტინგებისა და პარამეტრების მიუხედავად, ქართულ ოპოზიციაში მაინც ამტკიცებენ, რომ მოლდოვა-უკრაინის დუეტი ევროკავშირის წევრობას საქართველოზე მეტად იმსახურებს.
ორმაგი სტანდარტი და ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური გზავნილები ოპოზიციისა და მათი ლობისტების სტილია - ასეთია მმართველი გუნდის პოზიცია. ეკონომიკური პროგრესი, ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია, პლურალიზმი - ეს იმ კომპონენტების არასრული სიაა, რომელშიც საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის უპირობოდ ლიდერობს. ამ ფონზე, ევროკომისიის მხრიდან საქართველოს დაპაუზება აჩვენებს, რომ ბიუროკრატია ევროკავშირის სადამფუძნებლო პრინციპებს ტოტალურად შორდება.
უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების ახალი ეტაპის გახსნა საზოგადოებას დღეს გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოფიციალურად გააცნო. პროცესი ჯერ კიდევ 2025 წლისთვის უნდა დაწყებულიყო, თუმცა მაშინ მას ვეტო უნგრეთმა დაადო.