16 ივნისი 2026,   00:52
ვრცლად
ზღუდერის წმინდა გიორგის ეკლესიის ნანგრევებზე უნებართვოდ დაწყებული მშენებლობა შეჩერებულია - გადაწყვეტილება კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ მიიღო

ქარელში, ზღუდერის წმინდა გიორგის ეკლესიის ნანგრევებზე, მეუფე იობის ინიციატივით დაწყებული ახალი ტაძრის უნებართვო მშენებლობა შეჩერებულია. გადაწყვეტილება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ მას შემდეგ მიიღო, რაც დღეს ადგილზე მონიტორინგის ჯგუფი კიდევ ერთხელ ჩავიდა და ვითარებას გაეცნო.

მშენებლობის შეჩერების გადაწყვეტილება სააგენტოს თანამშრომლებმა ადგილზე მყოფ არქიმანდრიტ ზენონს გააცნეს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, თავად მეუფე იობის პოზიცია ჯერ უცნობია. ის დღეს მედიასთან არ გამოჩენილა. "კურიერს" მონაზონმა პოტამიამ დაუდასტურა, რომ სამშენებლო სამუშაოები მეუფის ინიციატივით მიმდინარეობს.

უკანონო მშენებლობის ფაქტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ჯერ კიდევ გასულ წელს გამოავლინა და შეჩერების მოთხოვნით,  რუის-ურბნისის ეპარქიას წერილობით მიმართა. სააგენტომ დღეს კიდევ ერთხელ მოუწოდა ყველას, კანონის ფარგლებში იმოქმედონ და ისტორიული ძეგლების დაზიანება არ დაუშვან.

ზღუდერის წმინდა გიორგის ეკლესია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. გავრცელებული ინფორმაციით, მეუფე იობმა იცოდა, რომ სამინისტრო შესაბამისი წესების დაცვით ძეგლის რესტავრაციას გეგმავდა, ამის მიუხედავად, ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტმა სამშენებლო სამუშაოები უნებართვოდ მაინც დაიწყო.

დღის ამბები