სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის საჯარო შეურაცხყოფის გამო, შოთა თუთბერიძის წინააღმდეგ საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიგზავნა. შს- სამინისტროს "სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის" სამმართველომ სავარაუდო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე რეაგირება მას შემდეგ მოითხოვა, რაც სოციალურ ქსელში დეპუტატ ნინო წილოსანის საჯარო პოსტზე, თუთბერიძემ შეურაცხმყოფელი კომენტარი დაწერა. ახლად შექმნილი სამმართველოს მტკიცებულებების საფუძველზე, მოსამართლე დავით მაკარაძემ, შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის მოთხოვნა - ადვოკატი 4 000 ლარით დაჯარიმებულიყო, სრულად დააკმაყოფილა.
მოპასუხე მხარე, სამართალდარღვევად და შეურაცხყოფად არ მიიჩნევს საჯარო გინებას საჯარო პოსტზე, სადაც დეპუტატი ინფორმაციას ავრცელებდა კანადაში საპარლამენტო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის შესახებ.
თუთბერიძის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება სამართლიანი, ''სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის'' სამმართველოს რეაგირება კი დროული და ეფექტურია თავად ნინო წილოსანისთვის. ვიცე-სპიკერი, რომელიც ოპოზიციური ჯგუფების საჯარო თავდასხმისა და კრიტიკის ობიექტი არაერთხელ გამხდარა, ამბობს, რომ საჯარო სივრცეში, სიძულვილით მოტივირებული, შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახავი განცხადებების გამო, ყველამ პასუხი უნდა აგოს.
ნინო წილოსანის შეურაცხყოფის ფაქტი არ არის პირველი, რაზეც შინაგან საქმეთა სამინისტროს "სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის" სამმართველომ შემდგომი რეაგირებისთვის სასამართლოს მიმართა. პირველი ივნისიდან დღემდე, სამმართველომ საერთო სასამართლოებს 60-მდე საქმე წარუდგინა. აქედან 30 საქმეზე მოსამზადებელი სხდომა ჩაინიშნა, 7 კი შემაჯამებელი გადაწყვეტილებით დასრულდა. პირველი საქმის განხილვა ბოლნისის რაიონულ სასამართლოში, 11 ივნისს გაიმართა, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ არ გამოცხადებულა. პირველი გადაწყვეტილება ონის სასამართლოში მაგისტრატმა მოსამართლემ 12 ივნისს გამოაცხადა.
"სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის" სამმართველოს მიზანი, საჯაროდ გავრცელებული, ადამიანის ღირსების შემლახველი/შეურაცხმყოფელი, ასევე, სიძულვილის ენის შემცველი განცხადებების მონიტორინგი, პროაქტიული გამოვლენა და მათზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირებაა. ახალი სამმართველოს შექმნის შესახებ მთავრობის ინიციატივაზე საზოგადოებას პირველმა ვიცე-პრემიერმა, მამუკა მდინარაძემ 18 მაისს აცნობა. მიზეზი საჯარო სივრცეში ძალადობრივი განცხადებების სიმრავლე გახდა, რაც მთავრობის შეფასებით, გამოხატვის თავისუფლების ევროპულ სტანდარტებს გაცდა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის გამოწვევად იქცა.