27 დეკემბერი 2024,   05:01
ვრცლად
მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადება - რატომ თქვა უარი მოსამართლეების ნაწილმა ტრენინგში მონაწილეობაზე

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის პირველი კომენტარი - სკანდალური განცხადების გავრცელების შემდეგ, მან განმარტება "კურიერთან" გააკეთა. მოსამართლე ამერიკის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს.

"მას შემდეგ რაც, მე ნ. გვარამიას საქმეზე გამოვაცხადე განაჩენი, მქონდა შეხვედრა თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში აშშ- ის საელჩოს ერთ-ერთ თანამშრომელთან იუსტიციის დეპარტამენტის ხაზით, კევინ ბურკთან, რომელმაც საუბრისას გამომკითხა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მითხრა, რომ ელჩს აინტერესებს ამ საქმეზე რატომ მივიღე გამამტყუნებელი განაჩენი და განსაკუთრებით, რატომ გამოვიყენე სასჯელად თავისუფლების აღკვეთა," - წერს მოსამართლე.

მისი შეფასებით, ეს იყო ანგარიშის მოთხოვნა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. ლაშა ჩხიკვაძის ინფორმაციით, საელჩოს თანამშრომელმა მას შეატყობინა, რომ ის ამოღებული იყო იმ მოსამართლეთა სიიდან, რომლებიც შტატებში მიემგზავრებოდნენ.

ლაშა ჩხიკვაძის განცხადებას გამოეხმაურნენ ის მოსამართლეები, ვინც მასთან ერთად ტრენინგზე ამერიკაში უნდა წასულიყვნენ, თუმცა, სოლიდარობის მიზნით, მათაც უარი თქვეს ტრენინგში მონაწილეობაზე.

"რასაც ბატონი ლაშა ბრძანებს და რა ფაქტსაც, როგორც ბატონი ლაშა ბრძანებს, ჰქონდა ადგილი, ეს არის ყოვლად მიუღებელი და ნებისმიერი სახის ზეწოლა, მოსამართლეზე ანგარიშის ჩაბარების მოთხოვნა კონკრეტული საქმის გამო არის ყოვლად დაუშვებელი და მიუღებელი, მე ყოველთვის ამას გავაპროტესტებ, რისი შესაძლებლობაც მექნება იმ ფარგლებში. ამიტომ არ წავედი სწორედ იმ ვიზიტზე, როცა ასეთი არაჯანსაღი გარემოებას ჰქონდა ადგილი," – აცხადებს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი.

"კურიერთან" სატელეფონო საუბრისას მოსამართლეებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს ლაშა ჩხიკვაძეს და ასევე, ისაუბრეს იმ მიზეზებზე, რის გამოც თავადაც უარი თქვეს ტრენინგში მონაწილეობაზე.

"ანგარიშის ჩაბარების მოთხოვნა კონკრეტული საქმის შედეგთან დაკავშირებით და მაგის გამო ანგარიშსწორება, სრულად დაუშვებელია ჩემთვის. რამდენიმე დღეში გასამგზავრებელ ვიზიტთან დაკავშირებით სიიდან ამოღება, მიუღებელი იყო ეს ფაქტი და აღნიშნულის გამო იქნა მიღებული ჩვენი გადაწყვეტილებაც.

არანაირი მორალური უფლებაც არ გვქონდა, რომ წავსულიყავით ამ ვიზიტზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ არ გავმგზავრებულიყავით," - აცხადებს მოსამართლე გიზო უბილავა.

დღის ამბები