23 ნოემბერი 2024,   02:56
ვრცლად
ბათუმის საკრებულოში კამათის ფონზე მიმდინარეობს - მიზეზი, ავარიული სახლების საკითხი გახდა

ამ წუთებში, ბათუმის საკრებულოში სხდომა მიმდინარეობს, სადაც კამათის მიზეზი ავარიული სახლების საკითხი გახდა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ირწმუნებიან, რომ პროექტი "ბათუმი ავარიული სახლების გარეშე" მმართველ გუნდს ისე აქვს გაწერილი, რომ კორუფციის საფრთხე არსებობს. ოპოზიცია ამ საკითხის დღის წესრიგიდან ამოღებას ითხოვდა. 

"საკრებულოს სხდომაზე გადის საკითხი, რომელიც კიდევ ერთხელ ხელს შეუწყობს ბათუმის ჩაბეტონებას, კორუფციას და ეს იქნება კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯი ამ ქალაქის არასასარგებლოდ. ეს პროექტი არ არის გამჭვირვალე, ასევე ბიუჯეტთან მიმართებაში ძალიან სერიოზული ხარვეზები არის, ინფრასტრუქტურულ ნაწილში საერთოდ კატასტროფა ხდება", - აცხადებს ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" რევაზ ხარაზი.

საპირისპიროს აცხადებენ "ქართულ ოცნებაში". მმართველ გუნდში ოპონენტების პრეტენზიებს აბსურდული, განცხადებებს კი პოპულისტური უწოდეს. ბათუმის საკრებულო დღეს ქალაქის ბიუჯეტსაც განიხილავს.

"არაერთხელ განმიცხადებია, რომ უპრეცენდენტო ბიუჯეტია, თითქმის 300 მილიონი, 38 მილიონით იზრდება და ყველაზე პოზიტიური ის არის, რომ საკუთარი შემოსავლების ხარჯზე დიდი ნაწილი. 300 მილიონიან ბიუჯეტთან რა შენიშვნა შეიძლება რომ ჰქონდეთ იმიტომ, რომ თუ რაღაცა კონკრეტული შენიშვნა გაქვს, მაშინ წარმოადგინო უნდა წინადადების სახით. ისინი იძახიან, რომ ბიუჯეტს მხარს არ უჭერენ, მაგრამ შემხვედრ წინადადებას არ წარმოადგენენ. არანაირი კორუფციული რისკები არ არსებობს," - აცხადებს "ქართული ოცნების" წევრი თენგიზ აფხაზავა.

დღის ამბები