26 დეკემბერი 2024,   18:53
ვრცლად
არ მგონია, რომ გონჩარენკოსთან დაკავშირებით რაიმე კომენტარები კიდევ გასაკეთებელია, მისი განცხადებები პირდაპირი მოწოდება იყო ქართველი ქალების და ბავშვების დახოცვისკენ

ალექსეი გონჩარენკოს განცხადებებს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში შეფასებები უკვე მოჰყვა. ოპოზიციონერ დეპუტატებს არ უკვირთ უკრაინელი პოლიტიკოსების პოზიცია და თვლიან, რომ ომის პირობებში "ქართული ოცნების" რიტორიკამ 2 ქვეყანას შორის ურთიერთობები დაძაბა.

პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” საგარეო ურთიერთობათა მდივანი გრიგოლ გეგელია აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება აღქმულია, როგორც არამეგობრული ხელისუფლება. 

"საქართველოს ხელისუფლებამ არამარტო სანქციები არ დააწესა, არამედ მისი რიტორიკა იყო მტრული, აგრესიული ომში მყოფი ქვეყნის მიმართ. საქართველოს ხელისუფლება არ არის აღქმული, როგორც მეგობრული ხელისუფლება",- აცხადებს გრიგოლ გეგელია. 

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფის” წევრი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ რუსეთისთვის სასათბურე პირობების შექმნა ქართველი ერის ღალატია. 

"რუსეთისთვის სასათბურე პირობებს თუ ვუქმნით ეს, რა თქმა უნდა, ქვეყნის ღალატია",- აცხადებს მანჯგალაძე. 

მმართველი პარტიის ლიდერებისთვის კი უკრაინელი კოლეგის განცხადებები გაუგებარია.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ გონჩარენკოს განცხადებები მიუღებელია. 

"მე არ მგონია, რომ გონჩარენკოსთან და მის თანმზრახველებთან დაკავშირებით რაიმე კომენტარები კიდევ გასაკთებელია. მისი განცხადებები პირდაპირი მოწოდება იყო ქართველი ქალების და ბავშვების დახოცვისკენ. მისი განცხადება არ იქნება ჩვენთვის მისაღები და ადეკვატური პასუხები გაეცემა. არავინ არ ეთანხმება იმას, რომ საქართველოში მეორე ფრონტი უნდა იყოს",- აცხადებს მაჭარაშვილი. 

დღის ამბები