"პრინციპულად არასწორად მიმაჩნია, ჟურნალისტურმა გაერთიანებამ, რომლის ხელმომწერიც, გულშემატკივარიც და გამგეობის წევრიც ვარ, უმასპინძლოს იმ ადამიანებს (რა ინსტიტუციასაც არ უნდა წარმოადგენდნენ ისინი), რომლებიც უშუალოდ ჩაერივნენ ჩვენს სარედაქციო საქმიანობაში", - ამის შესახებ გამოცემა "მთის ამბების" რედაქტორი, გელა მთივლიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ის განმარტავს, შოვის ტრაგედიასთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან დაკავშირებით ახალი მასალები, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში იყო მომზადებული, თუმცა, იმის გამო, რომ მთივლიშვილი არ დაემორჩილა დონორის მოთხოვნას თემების შეცვლასთან დაკავშირებით, ევროკავშირის წარმომადგენლობამ პროექტი შეწყვიტა.
მთივლიშვილი აკრიტიკებს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასაც და აღნიშნავს, რომ როცა ზემოხსენებული ამბავი იცი და მაინც აძლევ ამ ადამიანებს თვალთმაქცობის შესაძლებლობას, ვითომ დამოუკიდებელი მედიის მხარდამჭერები არიან, არ გამოხატავ სოლიდარობას, არ იმჩნევ ცენზურის კონკრეტულ ფაქტს, მათთან ერთად "კეკლუცობ", ეს მისთვის მიუღებელია.
"მოკლე განმარტება მინდა გავაკეთო საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წლევანდელ პრიზთან დაკავშირებით, რადგან არაერთმა ადამიანმა დამირეკა კითხვებით. არცერთ კატეგორიაში კონკურსის ფინალისტების შერჩევასთან დაკავშირებით არაფერი მაკავშირებს. უნდა ვყოფილიყავი მხოლოდ საგამოძიებო ნამუშევრების კატეგორიაში ჟიურის წევრი, რაზედაც უარი ვთქვი, რადგან 19 დეკემბერს წერილობით მივმართე საბჭოს თავმჯდომარეს, საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მოთხოვნით, ორგანიზაციის მმართველ რგოლთან და ხელმძღვანელ პირებთან ღირებულებითი განსხვავებების გამო. წარმატებას ვუსურვებ ყველა ფინალისტს, ვინც წლების განმავლობაში პროფესიული სტანდარტების ერთგულია და ღირებულ პროდუქტს ქმნის. რაც შეეხება საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს, პრინციპულად არასწორად მიმაჩნია, ჟურნალისტურმა გაერთიანებამ, რომლის ხელმომწერიც, გულშემატკივარიც და გამგეობის წევრიც ვარ, უმასპინძლოს იმ ადამიანებს (რა ინსტიტუციასაც არ უნდა წარმოადგენდნენ ისინი), რომლებიც უშუალოდ ჩაერივნენ ჩვენს სარედაქციო საქმიანობაში და ცენზურა მოინდომეს შალვა პაპუაშვილის მიერ სახელმწიფოსთვის გადასახადების დამალვასთან და შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებულ ახალ, მამხილებელ მასალებზე. ეს მასალები მათ მიერ (ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში) მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში იყო მომზადებული.
კატეგორიული უარის გამო, ცენზურას რომ არ დავემორჩილეთ და როგორც დაჟინებით ითხოვდნენ, თემები არ შევცვალეთ, პროექტი შეგვიწყვიტეს. ეს ყველაფერი ხდება რუსულ კანონთან ბრძოლის ყველაზე აქტიურ ეტაპზე, ჩვენს წინააღმდეგ "ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებული თავდასხმების პარალელურად.
როცა ეს ყველაფერი დაწვრილებით იცი და მაინც აძლევ ამ ადამიანებს თვალთმაქცობის შესაძლებლობას, რომ ვითომ დამოუკიდებელი მედიის მხარდამჭერები არიან, არ გამოხატავ სოლიდარობას, არ იმჩნევ ამ ამბავს - ცენზურის კონკრეტულ ფაქტს, პროფესიული სტანდარტების ერთგულების გამო დონორისგან მედიის უპრეცედენტო, უსამართლო და უკანონო დასჯის კონკრეტულ შემთხვევას და მათთან ერთად "კეკლუცობ", დიახ, ეს ჩემთვის მიუღებელია ყველგან, ყოველთვის, ყველანაირი გამონაკლისის გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ ვითვალისწინებ მათ (ამ დონორის) გავლენებს (მათ შორის, სამწუხაროდ, ჩემივე კოლეგებზე), ურთიერთობებსა და მოლოდინს, რომ გააგრძელებენ ჩვენს დასჯას! სულ მარტო რომ დავრჩეთ ამ ღირებულებების შენარჩუნებისთვის ბრძოლაში პირისპირ, არ არის პრობლემა, შეგიძლიათ პირში წყალი ბოლომდე ჩაიგუბოთ. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ცენზურა დაუშვებელია! ცხადია, არ ვაპირებ ეს ფაქტი მხოლოდ ფეისბუკპოსტით შემოიფარგლოს", - წერს გელა მთივლიშვილი.