ბათუმის ბაზარში 2,5 ტონა ხორცი დაილუქა - ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ, მათ საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.
სურსათის ეროვნული სააგენტოს როტაციის პრინციპით დაკომპლექტებულმა ინსპექტირების ჯგუფებმა, ბათუმის ბაზარი შეამოწმეს. სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა ხორცის სარეალიზაციო ობიექტებში, სადაც პროდუქტის შენახვისა და რეალიზაციის პირობები შემოწმდა.
ობიექტების ნაწილი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებდა, თუმცა რამდენიმე შემთხვევაში შეუსაბამობები გამოვლინდა. მაგალითად, როგორიცაა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, ხორცის რეალიზაცია ვეტერინარული ნიშანდების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ პირუტყვი სასაკლაოს გვერდის ავლით არის დაკლული.
"სურსათის ეროვნული სააგენტო ტურისტული სეზონის გააქტიურებასთან ერთად აქტიურად ამოწმებს ხორცის სარეალიზაციო ობიექტებს.
დღეს ჩვენ შევამოწმეთ ბათუმის აგრარული ბაზარი, სადაც გამოვლინდა ბევრი კრიტიკული შეუსაბამობა. ასევე დიდი რაოდენობით ხორცი დაილუქა გამომდინარე იქიდან, რომ საქონელი არ იყო დაკლული სასაკლაოზე. ბიზნესოპერატორებს მიეცათ მითითება," - აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ ბასილაძე.