15 ნოემბერი 2024,   08:21
ვრცლად
ვინ დაუჭერს მხარს სახალხო დამცველის შერჩევის წესთან დაკავშირებით უმრავლესობის ინიციატივას - მმართველი გუნდის წინადადებას ოპოზიციურ სპექტრში აფასებენ

ვინ დაუჭერს მხარს უმრავლესობის ინიციატივას სახალხო დამცველის შერჩევის წესთან დაკავშირებით და ვის რა შენიშვნები აქვს - მმართველი გუნდის წინადადება დილიდან შეფასებების თემაა.

"ოცნება" აპირებს, კანონმდებლობით გაწეროს კონკრეტული კრიტერიუმები, როგორ უნდა შეირჩეს ომბუდსმენი. პარლამენტის თავმჯდომარე 9 კაციან ჯგუფს დააკომპლექტებს, რომელშიც მესამე სექტორის და აკადემიური წრეების წარმომადგენლები შევლენ. ეს ჯგუფი კი კრიტერიუმების შესაბამისად, მინიმუმ 7 კანდიდატურას პარტიებს წარუდგენს, პარლამენტი შვიდიდან ერთ კანდიდატს აარჩევს. უმრავლესობა ამბობს, რომ საკუთარი კანდიდატურა არ ეყოლება.

მმართველი გუნდის მიერ სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით დაანონსებული ცვლილებების კომენტირებისას "მოქალაქეების" წევრმა ლევან იოსელიანმა  განაცხადა, რომ ჯგუფი, რომელმაც სახალხო დამცველი უნდა შეარჩიოს, ისე უნდა იყოს დაკომპლექტებული, რომ კითხვის ნიშნებს არ იწვევდეს

""ქართულმა ოცნებამ" თუ თქვა, რომ მას არ ეყოლება კანდიდატი, ეს ნიშნავს, რომ მთლიანად ეს ინიციატივა გადასცა ოპოზიციას და არასამთავრობო სექტორს. შესაბამისად ეს ჯგუფიც, რომელიც მას აარჩევს უნდა იყოს დაკომპლექტებული, ისე რომ არანაირ კითხვის ნიშნებს არ იწვევდეს.

კრიტერიუმები, რაზეც "ქართული ოცნება" საუბრობს, ჩემთვის ცოტა ბუნდოვანია. ალბათ, როცა ცვლილებებს დაარეგისტრირებენ და პარლამენტის თავმჯდომარე გამოსცემს ბრძანებას, უფრო გასაგები გახდება, მაგრამ ჩემთვის ორი რამ არის მნიშვნელოვანი, რომ პოლიტიკურ ჯგუფებს ჰქონდეთ საშუალება წარადგინონ კანდიდატი და კანდიდატების წარდგენაზე არ იყოს არანაირი შეზღუდვა," - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ ხელისუფლება ამ ცვლილებებით ცდილობს შექმნას ფსევდო-დემოკრატიული პროცესი:

"მათი კონტროლირებადი არასამთავრობო ორგანიზაციები დაასახელებენ ვითომ დამოუკიდებელ კანდიდატს, ვითომ ოპოზიციური პარტია წარმოადგენს ამ კანდიდატს და "ქართული ოცნება" აირჩევს ვითომ დამოუკიდებელ კანდიდატს," - აცხადებს პაატა მანჯგალაძე. მისი თქმით, არსებულ წესთან დაკავშირებით საერთო კონსენსუსი ისედაც არსებობს და ის მისაღებია ოპოზიციისთვის.

"პარტია საქართველოსთვის" წევრი ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ აქცენტი ცვლილებებსა და პროცესის გამჭვირვალობაზე ოცნებისთვის ხელსაყრელია, რადგან ქმნიან ილუზიას იმისა, რომ კანონის ცვლილების შემდეგ ყველაფერი კარგად იქნება:

"ჩვენ გვაქვს საკმაოდ კარგი კანონმდებლობა და ეს კანონმდებლობა პრაქტიკაში უნდა სრულდებოდეს. ჩვენ მხარს დავუჭერთ მხოლოდ იმ კანდიდატს, რომელიც იქნება გამორჩეული მაღალი პროფესიონალიზმით და რომლის დამოუკიდებლობის მიმართ არ იქნება კითხვის ნიშნები," - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

დღის ამბები