15 ნოემბერი 2024,   08:24
ვრცლად
იმიტაციური პროცესი და თაღლითობა - ოპოზიციის ნაწილი ომბუდსმენის შერჩევის წესთან დაკავშირებით უმრავლესობის ინიციატივას ეწინააღმდეგება

ოპოზიციის ნაწილი ომბუდსმენის შერჩევის წესთან დაკავშირებით უმრავლესობის ინიციატივას ეწინააღმდეგება. მათი ნაწილი წინადადებას საბოტაჟად აფასებს. მათი განცხადებით, მთავარ უნდობლობას იწვევს ის 9 კაციანი ჯგუფი, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე აკომპლექტებს და რომელმაც სახალხო დამცველის 7 კანდიდატურა პარლამენტს უნდა წარუდგინოს.

"ოცნება" აპირებს, კანონმდებლობით გაწეროს კონკრეტული კრიტერიუმები, როგორ უნდა შეირჩეს ომბუდსმენი. უმრავლესობა ამბობს, რომ საკუთარი კანდიდატურა არ ეყოლება.

"ქართული ოცნების" მიერ შერჩეულმა აკადემიურმა წრეებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა შეარჩიონ და შეაფასონ ის კანდიდატები, რომელსაც წარმოადგენენ არასამთავრობო ორგანიზაციები, ეს არის მიუღებელი და ამ შემთხვევაში ჩვენ განვიხილავთ როგორც დესტრუქციას და საბოტაჟს, მათ შორის 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების მიზნით, თუ ამ პროცესში არ ჩაერთო არცერთი სამოქალაქო ორგანიზაცია, რომელსაც აქვს ჩვენი ნდობა და პირველ რიგში საქართველოს მოქალაქეების ნდობა, რა თქმა უნდა იმისთვის, რომ "ქართულმა ოცნებამ" აირჩიოს თავისი ხელდასმული სახალხო დამცველი ამ იმიტაციურ პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ," - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე.

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე მმართველი პარტიის შემოთავაზებას თაღლითურ სქემას უწოდებს:

"ყველა, ვინც აყვება ამ თაღლითური სქემის ორგანიზებაში, ის არის თაღლითობის მონაწილე და ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯების თანამონაწილე. სახალხო დამცველი არის ნომერ პირველი სამოქალაქო სექტორის უფლებადამცველი ქვეყანაში, შესაბამისად რა თქმა უნდა უფლებადაცვითმა ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ. რაც შეეხება აკადემიურ წრეებს, ამ მაიმუნობებსა და თაღლითობებს, ასეთი თაღლითობა ცესკოს თავმჯდომარის შერჩევისას უკვე ვნახეთ," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

პარტია "გირჩში" აცხადებენ, რომ ისევე, როგორც ევროკომისიის რეკომენდაციების სხვა პუნქტებს, სახალხო დამცველის შესახებ რეკომენდაციის შესრულებასაც ქვეყანაში არსებული პოლარიზაცია უშლის ხელს. ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, ვიდრე პროცესის გარკვეულწილად დეპოლარიზაცია არ მოხდება, მისთვის გაუგაებარია, როგორ უნდა მოხდეს კანდიდატის ინკლუზიურად შერჩევა:

"ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ყველა, როგორც "ნაციონალური მოძრაობა", ისე "ქართული ოცნება", ჩართული იყოს ამ დისკუსიაში, როგორ აპირებენ ისინი ამ კანდიდატის შერჩევას ინკლუზიურად. ეს მოცემულობა დღეს არ გვაქვს, პრობლემა ამაში მდგომარეობს, რომ დეპოლარიზაციის პრობლემა ამ პუნქტზეც გადმოვიდა.

მე ვერც კი ვხვდები, რომელმა არასამთავრობო ორგანიზაციამ უნდა შემომთავაზოს 7 კანდიდატი, რომელშიც იძულებული ვიქნები, რომ ერთ-ერთ ადამიანს დავაჭირო ხელი. ამის მოლოდინი არ მაქვს მანამდე, ვიდრე ეს პროცესი არ იქნება გახსნილი," - აღნიშნა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

დღის ამბები