"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი სახალხო დამცველის შერჩევისას არც ჯგუფის ჩამოყალიბებაში ჩაერევა და არც კანდიდატების დასახელებაში.
"რა თქმა უნდა, კონსულტაციები გაიმართება თვითონ ამ 9-კაციან ჯგუფთან დაკავშირებით, როგორ უნდა შედგეს და რა თქმა უნდა, თავიდან ბოლომდე გახსნილი ვართ ამ დისკუსიისთვის. არანაირი ინტერესი არ გვაქვს, რომ იქ ვინმე ისეთი პირი მოხვდეს, ვისთანაც ჩვენ შედარებით განსხვავებული, უკეთესი ურთიერთობა გვაქვს, ვიდრე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან. აბსოლუტურად ღია იქნება ეს პროცესი. თავად შეუძლიათ დაასახელონ, არის "აღმოსავლეთ პარტნიორობის" პლატფორმა, თავად შეუძლიათ დაასახელონ კანდიდატები ამ ჯგუფისთვის, საერთოდ არ ჩავერევით ჩვენ ამ ჯგუფის ჩამოყალიბებაში, თავიდან ბოლომდე თვითონ შეუძლიათ დააკომპლექტონ ეს ჯგუფი არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილში. რაც შეეხება დასახელებას, მარტივად ვთავაზობთ მათ, რომ ჩვენ არცერთ კანდიდატს არ დავასახელებთ, დაასახელონ მათ ის კანდიდატები, რომლებიც მათთვის არიან მისაღები, ჩვენ მხოლოდ ამის შემდეგ ჩავერთვებით პროცესში," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.