15 ნოემბერი 2024,   08:18
ვრცლად
გლობალური პანდემიის დროს ჩვენმა დიასპორამ საკუთარ თავზე განსაკუთრებული ტვირთი აიღო - შალვა პაპუაშვილი

"გლობალური პანდემიის დროს ჩვენმა დიასპორამ საკუთარ თავზე განსაკუთრებული ტვირთი აიღო - მათ აიღეს პასუხისმგებლობა თანამემამულეებზე არა მხოლოდ საქართველოს ფარგლებს გარეთ, არამედ ქვეყნის ფარგლებშიც“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა "წარმატებული ემიგრანტების" დაჯილდოების ცერემონიალზე განაცხადა. 

პარლამენტის თავმჯდომარემ დამსწრეებს სიტყვით მიმართა და "დიასპორის სახლს“ მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, წლევანდელი ღონისძიება განსაკუთრებულია. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ქართულმა დიასპორამ COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის დროს თანამემამულეებს განსაკუთრებული დახმარება გაუწია. 

"მძიმე პერიოდი გავიარეთ პანდემიის გამო, რომელიც ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ამ გამოწვევამ გვაჩვენა, თუ რამდენად მსხვრევადია სამყარო, რამდენად ადვილად შეიძლება, რომ ერთ დღეში შეიცვალოს ბევრი რამ, რაც ჩვეული ყოფის ნაწილი გვგონია. ეს იყო დიდი გამოწვევა მთლიანად მსოფლიოსთვის. ჩვენი ქვეყნისა და ერის საამაყოდ უნდა ითქვას, რომ ჩვენმა დიასპორამ განსაკუთრებული ტვირთი აიღო საკუთარ თავზე. მათ, როგორც წარმატებულმა ექიმებმა ან როგორც მოხალისეებმა, იმ ქვეყნებში, სადაც ცხოვრობენ, აიღეს პასუხისმგებლობა საკუთარ თანამემამულეებზე. მართლაც, სასწაულის მომსწრენი ვიყავით, როდესაც ვაკვირდებოდით, როგორ მოხდა თვითორგანიზებით ამხელა ქსელის შექმნა, რომლის იმედი ჰქონდათ არა მხოლოდ საზღვარგარეთ მყოფ ჩვენს თანამემამულეებს, არამედ საქართველოში მყოფ ადამიანებსაც“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. 

სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის თავმჯდომარემ დაადასტურა, რომ ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, დიასპორასთან აქტიურ კომუნიკაციაშია. ამ კონტექსტში, შალვა პაპუაშვილმა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ბექა ოდიშარიას გადაუხადა მადლობა, რომელიც, მისივე თქმით, აქტიურად თანამშრომლობს დიასპორის წარმომადგენლებთან. 

„საქართველოს პარლამენტი ცდილობს, რომ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, აქტიურ კომუნიკაციაში იყოს დიასპორასთან. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბექა ოდიშარიას, რომელიც პარლამენტის ხიდია ჩვენს დიასპორასთან და ამას პირადად ვგრძნობთ თითოეული დეპუტატი, მათ შორის, მეც, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე. მინდა, მადლობა გადავუხადო მას, რომ პარლამენტი ასე გაააქტიურა ამ სფეროში“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები