მედიაში გავრცელებულ სიას, რომელიც ამერიკის აგენტებს ეხება და სადაც აგენტის სტატუსით მოხსენიებულები არიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილი, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, შეფასებები მოჰყვა ქართულ ოცნებაში. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ნებისმიერმა ადამიანმა მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ინტერესები უნდა გაატაროს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით სერიოზული საუბარი არ ღირს.
"იქ მეც მოვკარი თვალი რამდენიმე გვარს და მე მგონია, რომ ძალიან დიდი პატივია ამ ადამიანებისთვის ამერიკის აგენტებად მოხსენიება, ეს არ მგონია სერიოზულად ანგარიშგასაწევი. შეიძლება ვინმეს აქვს ვარაუდები ან მოსაზრებები გამოთქმული ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ამაზე ალბათ სერიოზულად საუბარი არც ღირს. ჩვენ შეიძლება ვისაუბროთ ცალკეული ნაბიჯების, ცალკეული გადაწყვეტილებების ავკარგიანობაზე, გავაკეთოთ დასკვნებიც, შეფასებებიც, მოსაზრებებიც, თუმცა დაუსაბუთებლად ბრალის დადება არ არის რა თქმა უნდა სწორი ტენდენცია." - ამბობს მიხეილ სარჯველაძე.
თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ ყველა ადამიანისთვის უპირველესი მისი სამშობლო უნდა იყოს.
"გამიჭირდება ახლა ამ დეტალებში შესვლა, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შესაძლებელია ასეთი ადამიანები არსებობდნენ, პოლიტიკაში, არამხოლოდ პოლიტიკაში, შეიძლება "ქართულ ოცნებაშიც". მე ასე წარმომიდგენია, ასე ვცხოვრობ, ასე მიცხოვრია და ასე მინდა ვიცხოვრო მომავალშიც, რომ პირველი და ყველაზე მთავარი ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, ადამიანისთვის, რომელიც დაიბადა და გაიზარდა ამ ქვეყანაში, უპირველესი არის ჩემი სამშობლო, ჩემი ქვეყანა და ჩემი ხალხი," - ამბობს კახა კალაძე.
საუბარია სიაზე, რომელშიც ამერიკის აგენტის სტატუსით შეიყვანეს ისეთი პოლიტიკოსები, როგორებიც არიან- ლევან და დავით ბერძენიშვილები, გრიგოლ ვაშაძე, გიგა ბოკერია, გიორგი გახარია, ხაზარაძე-ჯაფარიძე და სხვა ლიდერები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.