ევროპარლამენტარები "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს შეხვდნენ. ერთი საათის განმავლობაში ოპოზიციური პარტიის წევრებმა ევროპელ დეპუტატებს, დიპლომატებსა და ანალიტიკოსებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე მიაწოდეს ინფორმაცია. ისაუბრეს ევროკომისიის 12 რეკომენდაციაზე.
"მე ვხვდები ბევრ ქართველ პოლიტიკოსს, მათ შორის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებსაც და სხვებსაც. ვისაუბრებთ ყველაფერზე, რაც ახლა მნიშვნელოვანი და ღირებულია საქართველოსთვის, რა თქმა უნდა, უკრაინაში ომზეც," - განაცხადა ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ.
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას ინფორმაციით, სხვადასხვა ტიპის შეხვედრები სხვა ევროპელ პარტნიორებთანაც გაიმართა, რაც მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.
"ასეთი შესაძლებლობა, როდესაც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები ფიზიკურად არიან თბილისში, ჩემი და ჩემი მეგობრების მხრიდან იქნება მაქსიმალურად გამოყენებული. სხვადასხვა ტიპის შეხვედრები იყო ჩვენს პარტნიორებთან. გუშინაც გვქონდა შეხვედრები და დღის განმავლობაშიც გვექნება, ეს ყველაფერი გაგრძელდება," - აღნიშნა ნიკა მელიამ.