პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს განხილვას იწყებს. ფარულ მოსმენა-მიყურადების თაობაზე მიღებულ კანონთან დაკავშირებით, პრეზიდენტის შენიშვნებს დღეს იურიდიული კომიტეტი განიხილავს. "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" ცვლილებების პროექტზე სალომე ზურაბიშვილის ვეტო საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება. პრეზიდენტის შეფასებით, მმართველი გუნდის ინიციატივით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტს აუარესებს. სალომე ზურაბიშვილი კანონმდებლებს მოქმედი კანონის უცვლელი სახით დატოვებას სთავაზობს. "ოცნება" თვლის, რომ პრეზიდენტის პოზიცია უარგუმენტოა, ოპოზიცია კი ვეტოს დაძლევაში მონაწილეობას არ მიიღებს.
პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ბეჟაშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტის ვეტოს არა დაძლევა, არამედ გათვალისწინება სჭირდება.
"პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა კი არ სჭირდება, სჭირდება გათვალისწინება, იმიტომ რომ ვენეციის კომისიის შესაბამისი დასკვნაც ამაზე მეტყველებს, რომ ეს კანონი მიღებულ იქნა მთელი რიგი პროცედურული დარღვევებით, უგულებელყოფილი იყო ყველა საერთაშორისო თუ ადგილობრივი ექსპერტის მოსაზრებები, ბევრად უფრო დაამძიმა მდგომარეობა მოსმენებთან დაკავშირებით," - აცხადებს ბეჟაშვილი.
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ამ კანონის მიღების მიზანი თავიდანვე იყო ის, რომ ევროკავშირს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვა.
"პირველივე დღეს, როცა "ქართულმა ოცნებამ" მიიღო ეს კანონი, ამ კანონს ჰქონდა ერთადერთი მიზანი, როგორმე უარი ეთქვა ევროკავშირს ჩვენთვის საბოლოოდ ევროპულ პერსპექტივაზე და კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. სამწუხაროდ, "ქართულმა ოცნებამ" ეს მზაკვრული გეგმა საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ უკან არ წაიღო და ამ კანონპროექტის დაძლევა ნიშნავს, რომ მათ უნდათ საბოლოოდ უარი ათქმევინონ ევროპულ მხარეს საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე და კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე," - თქვა ვაშაძემ.
"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, "ქართულ ოცნებას" ეს ცვლილება ადამიანების თვალთვალისთვის და პირად ცხოვრებაში ჩარევისთვის სჭირდება.
"კიდევ დამატებით დამატებით უფლებების მოთხოვნა და ამაზე ვენეციის კომისია ძალიან კრიტიკული იყო, რომ ეს ცვლილებები კანონმდებლობაში იქნა მიღებული ძალიან სწრაფად, განსხვავებით იმ ცვლილებებისა, რომელიც სჭირდება ქვეყანას, იმისათვის რომ გამოვიდეთ ამ კრიზისიდან. იმიტომ მიიღეს "ქართული ოცნების" მესვეურებმა ეს ცვლილებები, რომ სჭირდებათ კიდევ უფრო მეტი უფლებები, რომ ადამიანებს უთვალთვალონ, ადამიანების პირად ცხოვრებაში ჩაერიონ და სამწუხაროდ ეს არის პრაქტიკა, რომელიც დღეს ქვეყანაშია დამკვიდრებული," - ამბობს ჯაფარიძე.