რუსეთი საქართველოს რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დაცვას თვალს მიადევნებს - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის მიერ დამტკიცებულ ბრძანებულებაში წერია. დოკუმენტში საზღვარგარეთ მოსკოვის ჰუმანიტარული პოლიტიკის კონცეფციაა გაწერილი.
ბრძანებაში აღნიშნულია, რომ ლატვიასთან, ლიეტუვასთან, ესტონეთთან, საქართველოსა და მოლდოვასთან ურთიერთობისას გათვალისწინებული იქნება ამ ქვეყნებში რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დაცვა.
ამ თემაზე კითხვა საქართველოს პარლამენტშიც დაისვა - საგარეო რისკებზე პასუხი მედიას "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ გასცა. ირაკლი კობახიძის განმარტებით, "ქართული ოცნება" არის ერთადერთი ხელისუფლება, რომლის მმართველობის დროსაც ქვეყანაში არ ყოფილა ომი და რომლის მმართველობის პერიოდშიც, რუსეთს ტერიტორიული წინსვლა არ ჰქონია.
"ჩვენ ძალიან რთულ გარემოში გვიწევს ცხოვრება და არსებობა და არის უამრავი საფრთხე და რისკი სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენ თავიდან ბოლომდე ამით ვართ დაკავებული, რომ მაქსიმალურად გავანეიტრალოთ ნებისმიერი საფრთხე. 10 წელია დაკავებული ვართ იმით, რომ ზოგადად საგარეო საფრთხეებისგან და მათ შორის, რუსეთიდან მომდინარე საგარეო საფრთხეებისგან დავიცვათ ეს ქვეყანა, ეს არის ცალსახა და ამას ვახერხებთ წინა ხელისუფლებებისგან განსხვავებით ხომ?! არც ერთ ხელისუფლებას არ ჩაუვლია ომის გარეშე.
ყველა წინა ხელისუფლებას ჰქონდა ომი. ჩვენ ვართ პირველი ხელისუფლება, რომელსაც არ ჰქონია არც ერთხელ ომი და რომლის პირობებში რუსეთს არ ჰქონია ტერიტორიული წინსვლა. პირველი ხელისუფლება ვართ. რატომ? იმიტომ, რომ ყურადღებით ვაკვირდებით და ვეცნობით ყველაფერს, გვაქვს სახელმწიფოებრივი და პრაგმატული პოლიტიკა, და ამის შედეგია ეს ყველაფერი," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.