02 მაისი 2024,   18:10
ვრცლად
ლიზ ტრასმა დედოფლისგან საქმიანობისთვის საბოლოო დასტური მიიღო - ახალი პრემიერი მუშაობას დღის მეორე ნახევარში შეუდგა

ყველაზე ცნობილი შავი კარი დაუნინგ სთრითზე ლიზ ტრასისთვის ფართოდ გაიღო. პირველ სამუშაო დღეს ახალი პრემიერი დღის მეორე ნახევარში შეუდგა.

ბრიტანეთის რიგით მესამე ქალმა პრემიერმა საქმიანობისთვის საბოლოო დასტური ქალი მონარქისგან მიიღო - ელისაბედ მეორემ, შოტლანდიის საზაფხულო რეზიდენციაში მას მთავრობის ფორმირება ოფიციალურად დაავალა, ტრასისთვის სიახლე, დედოფლისთვის კი, სავარაუდოდ, რუტინული პროცედურა - რადგან მონარქის რანგში უკვე მე-15-ე პრემიერს ნიშნავს.

ბალმორალის ციხესიმაგრეში დედოფალს მანამდე ბორის ჯონსონმაც ჩააკითხა, რათა ფორმალურად დაეტოვებინა პოსტი,რომელსაც 3 წელი უძღვებოდა. იქამდე სამუშაო ადგილს დაემშვიდობა და სიტყვით გამოსვლაში თავი რაკეტას შეადარა, რომელმაც საკუთარი ფუნქცია შეასრულა და ახლა ატმოსფეროში ბრუნდება. გამოსამშვიდობებელ სიტყვაში შიდა პოლიტიკის გარდა იმ მთავარ საგარეო ხაზზეც ისაუბრა, რომელშიც სიხისტით არც ტრასი ჩამორჩებოდა - რუსეთ-უკრაინის ომს. ყოფილი მეთაური ტაშით გააცილეს.

ჯონსონს იმედი აქვს, რომ ახალი მთავრობა ენერგოკრიზისსა და გაზრდილ გადასახადებს დაძლევს და ზამთარს ისე გადააგორებს. გაზსა და ელექტროენერგიაზე გაზრდილი ფასები ახლა ისაა, რაც ბრიტანელებს ძალიან აწუხებთს, ამიტომ მინისტრთა ახალი კაბინეტის მუშაობას გამადიდებელი შუშით დააკვირდებიან. მათ წევრებს კი ახალი პრემიერი სულ მალე დაასახელებს, ცნობილია,რომ კულტურისა და შს მინისტრები შეიცვლებიან.

ლიზ ტრასს მინისტრთა კაბინეტში 8 წელი აქვს გატარებული, სულ ბოლოს საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში. წარსულში ბუღალტერმა, ოქსფორდში სწავლა ლიბერალ-დემოკრატად დაიწყო და კონსერვატორად დაასრულა, უკვე დღეს კონსერვატორული პარტიის პირველი პირია. უმუშავია 3 პრემიერთან: ტონი ბლერთან, ტერეზა მეისთან და ბორის ჯონსონთან. მას იცნობენ,როგორც იდეურ პოლიტიკოსს, ხისტსა და პირდაპირს,რომელმაც იცის რა სურს - ამით კი მარგარეტ ტეტჩერსაც კი ადარებენ.

დღის ამბები