15 ნოემბერი 2024,   08:23
ვრცლად
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომა დასრულდა - რა გზავნილი მიიღო ევროპის პოლიტიკური დედაქალაქიდან ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის განცხადებით, საქართველოში პოლარიზაციამ ​ ზღვარს არ უნდა მიაღწიოს. ბორელი ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწოდებს, ესმოდეთ, რომ ეს არის კოლექტიური ძალისხმევა და ისტორიული მომენტი, რომელიც იძლევა შესაძლებლობას.

ევროპის პოლიტიკური დედაქალაქიდან გზავნილი ყველა პოლიტიკურმა ძალამ მიიღო, რომ ჩაერთონ პროცესში. ერთობლივი პრესკონფერენცია ჟოზეფ ბორელმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და ოლივერ ვარჰეიმ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომის დასრულების შემდეგ გამართეს. ევროკავშირის მაღალჩინოსნებმა თქვეს, რომ იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი უნდა არსებობდეს ეროვნული კონსენსუსი და ერთიანობა. პოლიტიკური ძალები ამ მიზნის გარშემო უნდა გაერთიანდნენ.

"როგორც ვახსენე, ეს პროცესი არის ეროვნული ძალისხმევა, რომელსაც ახორციელებს მთავრობა, მაგრამ ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა, მთელმა საზოგადოებამ. ჩვენ ვნახეთ, რომ ამაში არის სრული ჩართულობა საზოგადოების მხრიდან. საუბარი როდესაც მაქვს პოლარიზაციაზე, ორ პოლუსზე ვსაუბრობ. საუბარი მაქვს მთავრობასთან, რომელსაც მთავარი პასუხისმგებლობა აკისრია, მაგრამ აქვე ვგულისხმობ მთელ პოლიტიკურ სპექტრს. ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ ეს არის ინკლუზიური პროცესი, ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა, ყველა მოთამაშემ. ეს ინკლუზიური პროცესია და ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას ჩაერთოს ამ პროცესში კეთილსინდისიერად და ითანამშრომლოს.

ჩვენ შეიძლება გვქონდეს განსხვავებული მიდგომა, პოლარიზაცია კი როგორც კომისარმა ვარჰეიმაც აღნიშნა არ არის ექსკლუზიური მხოლოდ საქართველოსთვის. პოლარიზაცია პოლიტიკური ცხოვრების ნაწილია. მაგრამ როგორც ცხოვრებაში ყველაფერი ურთიერთდაკავშირებულია, ზედმეტი პოლარიზაცია იწვევს დესტაბილიზაციას და საფრთხეს უქმნის პროგრესს. თუმცა ჩვენ გვჭირდება გარკვეული პოლარიზაცია რათა ვაჩვენოთ განსხვავებული მიდგომა, ეს ნორმალურია ეს დემოკრატიაა, მაგრამ ამ პოლარიზაციამ არ უნდა მიაღწიოს ზღვარს, რომელიც ხელს უშლის პროცესებს და საფრთხეს უქმნის მიზნების შესრულებას.

მე არ ვაპირებ საქართველოს შიდა პოლიტიკური ცხოვრების შეფასებას მაგრამ მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას ესმოდეთ, რომ ეს არის კოლექტიური ძალისხმევა და ეს არის ისტორიული მომენტი, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობებს," - განაცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საკითხებში ჯოზეფ ბორელმა

ევროპული სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის ოლივერ ვარჰეის თქმით, წარმატება კანდიდატის სტატუსის მიღებისა და ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით ვერ იქნება მიღწეული იმაზე შეთანხმების გარეშე, რომ ეს არის ნამდვილად ეროვნული პრიორიტეტი

"მეც მინდა, გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება იმ სფეროდან, რასაც მინახავს. ბევრი კანდიდატი ქვეყნის ისტორიას ვაკვირდები და მინდა ვთქვა, რომ პოლიტიკური პოლარიზაცია არ არის გამონაკლისი და ექსკლუზიური საქართველოსთვის, სხვა ქვეყნებშიც არსებობს მსგავსი გამოწვევა, თუმცა, წარმატება კანდიდატის სტატუსის მიღებისა და ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით ვერ იქნება მიღწეული იმაზე შეთანხმების გარეშე, რომ ეს არის ნამდვილად ეროვნული პრიორიტეტი. ამიტომ, ეროვნული პრიორიტეტი არა მხოლოდ უნდა განისაზღვროს და იყოს შეთანხმებული და შეჯერებული, არამედ იყოს განხორციელებული პოლიტიკური ქმედებებით პარლამენტში, არა მხოლოდ მთავრობის მიერ, არამედ ყველა მოთამაშის მიერ, რომელიც ფუნქციონირებადს ხდის ქვეყანას," - განაცხადა ვარჰეიმ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მმართველ პარტიას აქვს სრული მზაობა, რომ  ყველა ოპოზიციურ პარტიასთან ითანამშრომლოს:

"მე უკვე ვახსენე და მინდა გავიმეორო, რომ მმართველი პარტია და მთავრობა კარს ვუხსნით ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს, ყველა ოპოზიციურ პარტიას. როგორც ვახსენე ჩემს განაცხადში, სამწუხაროდ, ზოგიერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია, განსაკუთრებით მთავარი ოპოზიციური პარტია არ იღებს მონაწილეობას ამ პროცესში. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა, გავუსვა ხაზი, გავიმეორო და დავადასტურო ჩვენი სრული მზაობა, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, ყველა ოპოზიციურ პარტიასთან ვითანამშრომლებთ, მათ შორის მათთან, ვინც პარლამენტში, ან პარლამენტს მიღმა არიან, ასევე სამოქალაქო საზოგადოებასთან. როგორც ბატონმა ჟოზეფ ბორელმა ბრძანა, არა მარტო მთავრობა, არამედ, მთელი პოლიტიკური სპექტრი უნდა იღებდეს ამ პროცესში მონაწილეობას. ამიტომ, ეს არის ჩვენი ნათელი განზრახვა და მოტივაცია. საქართველო არის მზად, მმართველი პარტია არის მზად, რომ 12-ვე პრიორიტეტი შესრულდეს," - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ბრიუსელში გამართული, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა შეაფასა და განაცხადა, რომ იყო საშუალება ორმხრივ ფორმატში განხილულიყო ყველა მნიშვნელოვანი საკითხი:

"ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, მეგობრებთან გვქონდა შესაძლებლობა, განგვეხილა ორმხრივ ფორმატში არსებული ყველა მნიშვნელოვანი საკითხი. რაც შეეხება რეკომენდაციებს, რა თქმა უნდა, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მთავარი საკითხი, ინკლუზიურობა ამ პროცესში, 12 რეკომენდაციის მიმართულებით გაკეთებული და გადადგმული ნაბიჯები, აუცილებლად უნდა მოხდეს ყველას ჩართულობით. ეს უნდა იყოს ერთიანი, ეროვნული პროცესი და მოწოდება ძალიან გასაგებად და მკვეთრად იყო გაკეთებული იმასთან დაკავშირებით, რომ ყველამ უნდა მიიღოს ამ პროცესში მონაწილეობა," – განაცხადა დარჩიაშვილმა.

დღის ამბები