15 ნოემბერი 2024,   08:25
ვრცლად
ბორელმაც გასაგებად თქვა, რომ პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, თუმცა სასურველია, რომ პროცესი იყოს ინკლუზიური - სალომე სამადაშვილი

ევროკავშირის ღია მოწოდებების ფონზე, რომ ყველა პარტიამ ერთად უნდა იმუშაოს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაზე და ეს ინკლუზიური პროცესი უნდა იყოს, თბილისში გამოხმაურებები არაერთგვაროვანია. 

ოპოზიციური პარტიები თანხმდებიან და ეთანხმებიან ევროპელი ლიდერების მოწოდებებს მხოლოდ ერთ ნაწილში, რომ აუცილებლად უნდა შესრულდეს ევროკომისიის 12 რეკომენდაცია. თუმცა, როგორ უნდა მივიდნენ ამ შედეგამდე, სწორედ აქ არის განსხვავებული პოზიციები.

"ბორელმაც გასაგებად თქვა, რომ პასუხისმგებლობა, ცხადია, ეკისრება ხელისუფლებას, თუმცა სასურველია, რომ პროცესი იყოს ინკლუზიური. ოპოზიციას შექმნილი აქვს კონსულტაციების პროცესი. თუ ხელისუფლება რაიმეს გააკეთებს და სწორ ნაბიჯს გადადგამს, ჩვენც, ცხადია, მხარს დავუჭერთ, მაგრამ ამის პარალელურად, გვექნება წინადადებები, რა უნდა გაკეთდეს. თანამონაწილეობა სწორედ ის არის, რასაც დღეს ოპოზიცია აკეთებს, ეს კონკრეტულად წარდგენა სამოქმედო გეგმის. რაც უფრო სწრაფად შეიცვლება "ქართული ოცნების" ხელისუფლება, მით უკეთესია, მაგრამ მხოლოდ რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნის გაჟღერება ერთხელ ამ რეალობას ვერ დააყენებს, ამიტომ ძალიან ბევრი საკითხია, რომელზეც უნდა ვიმსჯელოთ," - ამბობს პარლამენტის წევრი და პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი სალომე სამადაშვილი.

ოპოზიციის ნაწილს არარეალურად მიაჩნია, რომ მმართველ პარტიასთან შეძლონ საერთო ცვლილებებზე მუშაობა. 

"ჩვენ ერთობლივ მუშაობაზე არასდროს უარი არ გვითქვამს ოფიციალურ ფორმატებში, ამაზე ბოიკოტი და უარი გამოაცხადა "ქართულმა ოცნებამ". ამიტომ, ბორელის განცხადება ყურად უნდა იღოს "ქართულმა ოცნებამ“. ბორელის აქვს აბსოლუტურად სწორი მოწოდება, სწორედ ამიტომ იყო, რომ ჩვენ რიგგარეშე სესია და კომიტეტები დავაინიცირეთ, რასაც ბოიკოტი გამოუცხადა "ქართულმა ოცნებამ". სწორედ ამიტომ არის, რომ ჩვენ 12 პუნქტიან გეგმაზე დავდეთ კონკრეტული პაკეტები. საერთო ფრონტი საჭიროა იმისთვის, რომ დავიბრუნოთ მიტაცებული სამშობლო. "ნაცმოძრაობას" შეიძლება ჰქონდეს თავისი ხედვა და სტრატეგია, შეიძლება რაღაც ქმედებებში განვსხვავდებოდეთ, მაგრამ ჩვენი მიზანი არის: მეტი ქმედება, ნაკლები ლაპარაკი," - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ის პარტიები კი, რომლებიც საპარლამენტო საქმიანობაში არ არიან ჩართულნი, განსხვავებული დღის წესრიგი აქვთ.

"ცდება ბორელი, ისევე როგორც ცდებოდა უკრაინასთან მიმართებაში, მაგრამ არა მარტო ბორელი. როგორც უკარინასთან მიმართებაში დასავლეთი ჯამში ცდებოდა, ახლა გაიაზრეს ბევრი რაღაცები, მათი ქცევაც შეიცვალა, ისე ცდებიან აქაც. სხვადასხვა პარტიებს სხვადასხვა დღის წესრიგი აქვთ, მე ჯამში ოპოზიციაზე ლაპარაკი არ მიყვარს. მე მიყვარს ლაპარაკი ჩემი დღის წესრიგი რა არის, რაც ათასჯერ მაქვს ნათქვამი, რომ მობილიზება მაქსიმალური და ორგანიზება იმისათვის, რომ ამათ ხელი შეუშალონ მართვაში, მათ შორის პროტესტის, ხელის შეშლის, პარალიზების, საბოტაჟის და ნებისმიერი მშვიდობიანი გზით," - ამბობს პარტიის "გირჩი - მეტი თავისუფლება" თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე.

დღის ამბები