15 ნოემბერი 2024,   08:28
ვრცლად
ვერ ვაიძულებთ ვერავის, რომ ჩაერთონ პროცესში, დემოკრატიაა, ვიღაცას არ უნდა ევროინტეგრაცია და 12 პუნქტის შესრულება - კობახიძე ოპოზიციაზე

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ისინი ელოდებოდნენ ევროპელი ლიდერების მხრიდან კონკრეტულ მოწოდებებს სწორედ ოპოზიციური პარტიების მისამართით, ვინაიდან "ქართული ოცნების" წარმომადგენლები და ლიდერები აცხადებენ, რომ რეკომენდაციების შესრულებაში პასუხისმგებლობა თანაბრად ეკისრება როგორც "ქართულ ოცნებას", ასევე, ოპოზიციის წარმომადგენლებს.

"ვაჩვენებთ ყველას, რომ აბსოლუტურად ყველა კარი არის გახსნილი. ოპოზიციურ საპარლამენტო პარტიებს შეუძლიათ მონაწილეობა ნებისმიერ პროცესში. ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი პასუხისმგებლობით, შევქმენით სამუშაო ჯგუფები, ყველას მოვუწოდეთ ჩართვისკენ და ა.შ. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა. ისინი თუ არ ერთვებიან რა ვქნათ? ვერც დეპოლარიზაცია ვერ განხორციელდება ცალმხრივად, ვერც ვაიძულებთ ვერავის, რომ ჩაერთონ. დემოკრატიაა, ვიღაცას არ უნდა ევროინტეგრაცია, "ნაცმოძრაობას", "ლელოს", ვაშაძეს აშკარად არ უნდათ 12 პუნქტის შესრულება და არ ჩაერთვებიან. დემოკრატიაა და შეუძლიათ ჰქონდეთ საკუთარი საგარეო პოლიტიკური არჩევანი, მაგრამ ჩვენი სურვილია ევროინტეგრაცია, კანდიდატის სტატუსის მიღება და მათ ეშინიათ ამის, რომ ჩვენ ქულებს დავიწერთ, კანდიდატის სტატუსს მოგვანიჭებენ და ა.შ.

პირველ პუნქტად ეუბნებიან ხალხს, რომ დეპოლარიზაცია უნდა იყოს მთავარი ამოცანა, ესენი გამოდიან და მგლის თავზე სახარების კითხვას ჰგავს, პირდაპირ ითხოვენ ისეთ რაღაცას, რაც პოლარიზაციას აღვივებს - ეს არის ვადამდელი არჩევნები, აქციები და ა.შ. ეს არის მათი არჩევანი," - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ  გზავნილები იმავე შინაარსის არის, რაც ევროპარლამენტარებმა თბილისში ყოფნის დროს გააკეთეს. 

"ეს არის იგივე გზავნილები, რომლებიც ევროპარლამენტარებმა გააკეთეს თბილისში ყოფნის დროს. მათ კიდევ ერთხელ მოუწოდეს ყველა პოლიტიკურ ძალას და აქტორს, რომ ჩაერთონ სამუშაო პროცესში ხელისუფლებასთან ერთად. რასაც ვამბობდით, მაღალი დონის ტრიბუნიდან სწორედ იგივე საკითხის გამეორება მოხდა, რომ ევროინტეგრაცია გახლავთ საერთო ეროვნული საკითხი, აქ არ შეიძლება რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, როგორც მაგალითად "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს თავისი დღის წესრიგი როგორმე საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ეს არის დაუშვებელი და ეს აზიანებს საქართველოს ინტერესებს. ევროპელმა ლიდერებმა მოუწოდეს ყველა მხარეს და პოლიტიკურ პარტიას, რომ ჩაერთონ სამუშაო პროცესში და ინკლუზიურად იმუშაონ, არა ცალკე, არა პარალელურად, არა თავის 12 ან 13 პუნქტზე, არამედ იმუშაონ იმ საკითხებზე, რომლებიც საერთო ამოცანებად გახლავთ განსაზღვრული," - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

დღის ამბები