15 ნოემბერი 2024,   10:36
ვრცლად
ნინო ლომჯარია სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ომბუდსმენის არჩევის წესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც ის აღნიშნავს, წარმოდგენილი პროექტით სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხების დარეგულირება გათვალისწინებულია ერთპიროვნულად, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ, ბრძანების ფორმით, რაც გამორიცხავს გამჭვირვალობისა და ჩართულობის მაღალ ხარისხს.

"საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს კანონპროექტს, რომლითაც გათვალისწინებულია სახალხო დამცველის არჩევის დროებითი წესის შემოღება მიმდინარე წლისათვის. როგორც საზოგადოებისათვის არის ცნობილი, მოქმედ სახალხო დამცველს უფლებამოსილების ვადა ეწურება 2022 წლის 8 დეკემბერს. ევროკავშირის მოთხოვნა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებამდე, სხვა საკითხებთან ერთად ითხოვს სახალხო დამცველის ნომინირებისას უპირატესობის მინიჭებას დამოუკიდებელი პირისათვის, პროცესის გამჭვირვალედ წარმართვასა და აპარატის ეფექტიანი ინსტიტუციური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას. განმარტებითი ბარათის მიხედვით, სწორედ ამ რეკომენდაციის შესრულების მიზანს ემსახურება წარდგენილი კანონპროექტი.

სამწუხაროდ, საჯაროდ დაინტერესებული პირებისათვის კანონპროექტის ტექსტი და საკომიტეტო მოსმენის დრო წინასწარ, გონივრული ვადით ადრე ცნობილი არ იყო. აღნიშნული წინაპირობების გარეშე შეუძლებელია საუბარი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის შესაძლებლობის შექმნასა და ინკლუზიურ პროცესზე რაც სახალხო დამცველის შეფასებით, აუცილებლად არის გასათვალისწინებელი ამ მნიშვნელოვანი საკითხის განხილვის დროს.

რაც შეეხება კანონპროექტის შინაარსობრივ მხარეს, კანონპროექტის განმარტებით ბარათში მითითებულია არაერთ საერთაშორისო სტანდარტზე, რომელთა შესახებ ბოლო წლების განმავლობაში სახალხო დამცველი პარლამენტისადმი გაგზავნილ წერილობით დოკუმენტებშიც საუბრობდა და სახალხო დამცველის არჩევის პროცედურების და წესის დეტალური საკანონმდებლო გარანტიების შექმნის საჭიროებას უსვამდა ხაზს. აღსანიშნავია, რომ არც ერთი ზემოაღნიშნული საერთაშორისო სტანდარტი თუ დოკუმენტი არ საუბრობს სახალხო დამცველის არჩევის პროცედურების მხოლოდ დროებით შემოღებაზე, არამედ უთითებს მათი საკანონმდებლო დონეზე მყარად განსაზღვრის საჭიროებას. ასევე, წარმოდგენილი პროექტით სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხების დარეგულირება გათვალისწინებულია ერთპიროვნულად, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ, ბრძანების ფორმით, რაც გამორიცხავს გამჭვირვალობისა და ჩართულობის მაღალ ხარისხს. კანონპროექტის წინამდებარე ვერსიის მხარდაჭერის შემთხვევაში, პარლამენტის თავმჯდომარეს ასევე მიეცემა შესაძლებლობა კანონისაგან განსხვავებულად განსაზღვროს კანდიდატის წარმდგენი სუბიექტების წრე, რაც შეკითხვებს წარმოშობს როგორც კანონის უზენაესობის, ისე საკანონმდებლო ტექნიკის თვალსაზრისით. უმჯობესია მნიშვნელოვანი პროცედურული საკითხები და გარანტიები სწორედ კანონით იქნას მოწესრიგებული, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით შედარებით მცირე მნიშვნელობის პროცედურული დეტალები განისაზღვროს.

იმედს ვიტოვებთ, საქართველოს პარლამენტი კანონპროექტის განხილვის პროცესში მხედველობაში მიიღებს აღნიშნულ მოსაზრებებს და სტანდარტებს და სახალხო დამცველის მიუკერძოებელი, ობიექტური და მაღალკვალიფიციური კანდიდატურა, მათ საფუძველზე და საუკეთესო სტანდარტების შესაბამისად იქნება შერჩეული," - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

სახალხო დამცველის არჩევის ახალ წესთან დაკავშირებით რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტს ოპოზიციის ნაწილმა მხარი დაუჭირა.

რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს მხარი "ლელოს" დეპუტატებმა და პარლამენტის ექვსმა უფრაქციო წევრმა დაუჭირეს.

დღის ამბები