ვაშინგტონის მორიგის მხარდაჭერა კიევს - ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას დამატებით 675 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს. ჯო ბაიდენმა პაკეტი უკვე დაამტკიცა - ამის შესახებ ლოიდ ოსტინმა უკრაინის თავდაცვის საკითხებთან დაკავშირებული საკონტაქტო ჯგუფის შეკრებაზე განაცხადა.
განხილვას პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან ერთად, ტრადიციულად უკრაინული მხარეც ესწრებოდა.
რიგით მე-5 შეხვედრის დაწყების წინ ხაზი გაესვა იმას, რომ რუსეთის მიერ წამოწყებულ გაუმართლებელ ომში, დასავლეთს კიევისთვის კიდევ უფრო მეტი დახმარების მობილიზება მართებს. რამშტაინის ბაზაზე მსჯელობა ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
"ახლა ომი სხვა, გარდამტეხ მომენტშია. რუსული ძალები აგრძელებენ უკრაინული ქალაქების და მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას, რაკეტებით და არტილერიით. ომის სახე იცვლება, ასე უნდა მოხდეს ამ საკონტაქტო ჯგუფის შემთხვევაშიც. ჩვენ უნდა განვვითარდეთ, ომის განვითარების შესაბამისად. საკონტაქტო ჯგუფის ბოლო შეხვედრის შემდეგ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 6.3 მილიარდი გამოჰყო უკრაინის უსაფრთხოებისთვის. გუშინ კი პრეზიდენტმა ბაიდენმა დამატებითი პაკეტი დაამტკიცა,რომელიც გულისხმობს მეტ საარტილერიო აღჭურვილობას, გიმლერებს, ჰაუბიცებს, ანტი-სატანკო სისტემებს და ბევრ სხვას. გასულ თვეებში აქ შეკრებილებმა უკრაინისთვის კრიტიკული მნიშვნელობის სახმედრო დახმარება გამოვყავით, რომ უკრაინას თავისდაცვა შეძლებოდა. რუსეთის მცდელობა ჩავარდა, რომ კიევზე კონტროლი მოეპოვებინა და დაეოპყრო მშვიდობიანი მეზობელი, ასევე მმართველობიდან მოეშორებინა დემოკრატიულად არჩეული უკრაინის მთავრობა. ჩვენ ვხედავთ ჩვენი საერთო ძალისხმევის წარმატებას ბრძოლის ველზე,"- აცხადებს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი.
განხილვაში მონაწილეობს საქართველოც.
"ჩვენ დღეს ვიმყოფებით რამშტაინში, უკრაინის მხარდაჭერის ჯგუფის შეხვედრაზე. აქ წარმოდგენილი იქნება ის სიტუაცია, რაც დღეს უკრაინაშია. სულ უფრო მეტი ქვეყანა უერთდება ამ ჯგუფს და ჩვენ უკვე მეორედ ვესწრებით ამ შეხვედრას,"- აღნიშნავს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე.