15 ნოემბერი 2024,   08:26
ვრცლად
დატუქსვა მიიღეს სახალხო დამცველისგან და ამიტომ ჩათვალეს, რომ სახალხო დამცველი ვიღაცისგან მიიღებდა ინსტრუქციას და უკან დაიხიეს- ირაკლი ქადაგიშვილი 

დღეს პარლამენტი სახალხო დამცველის შერჩევის წესზე მესამე მოსმენით იმსჯელებს-პარლამენტმა ინიციატივას კენჭი უნდა უყაროს. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ოპონენტების შენიშვნები, რომლებიც მმართველმა ძალამ საკომიტეტო განხილვებისას წარადგინეს გათვალისწინებულია. შესაბამისად ოცნებაში არ გამორიცხავენ, რომ ოპოზიციაზე გავლენა ომბუდსმენის განცხადებას მოეხდინა.

რაც შეეხება მოქმედი ომბუდსმენის განცხადებას, მმართველ გუნდში მას დაუსაბუთებელი და მიკერძოებული უწოდეს. 

"ოპოზიცია მხარს უჭერდა აღნიშნულ კანონპროექტს, პირველი მოსმენის დროს მხარი დაუჭირა და უფრო მეტიც საკომიტეტო მოსმენაზეც მეორე მოსმენის დროს მატ მხარი დაუჭირეს ამ ინიციატივას. ამის შემდეგ სახალხო დამცველის განცხადება იყო, ფაქტობრივად ეგ იყო მოწოდება ოპოზიციური ჯგუფებისთვის, რომ ამ კანონს მხარდაჭერა არ ჰქონია და ამის შემდეგ მოხდა ისე რომ ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა ამას. ალბათ ეს მცდელობა იმისა, რომ ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვანი ვალდებულება, რომელიც ხელისუფლების მხრიდან სრულდება გამოჩნდეს ისე, რომ თითქოს ბოლომდე არ არის ეს ვალდებულება შესრულებული და გარკვეული ჩრდილი მიადგეს ამ პროცესს,"-აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციის შეცვლი პოზიციას ნინო ლომჯარიას განცხადებას უკავშირებს და მას ე.წ. დატუქსვად მიიჩნევს. 

"ვინც მოუსმინა პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვას იქ იყო პირიქით მოწოდება, რომ გამოვიჩინოთ პატრიოტიზმი სწორედ ამ 12 რეკომენდაციის შესრულებისთვის. ეს მათთვის ულტიმატუმია და რასაც ეს ოპოზიცია მთელი ამ ხნის განმავლობაში აკეთებს ის არც ულტიმატუმი ყოფილა, არც საბოტაჟი ყოფილა, არც ბოიკოტი ყოფილა და არც სხვა ამდაგვარი რამ. ყველა მათი შენიშვნა და წინადადება გათვალისწინებულ იქნა და ამის შემდეგ დატუქსვა მიიღეს სახალხო დამცველისაგან და ამიტომ ჩათვალეს, რომ სახალხო დამცველი ვიღაცისგან მიიღებდა ინსტრუქციას და უკან დაიხიეს."-აცხადებს ქადაგიშვილი. 

მმართველი ძალისგან განსხვავებული პოზიცია აქვს იმ ოპოზიციას, რომელმაც მეორე მოსმენის დროს პოზიცია შეცვალეს. "ნაციონალურ მოძრაობაში", სტრატეგია აღმაშენებელში და "ლელოში" განმარტავენ, რომ პირველი მოსმენის ეტაპზე წარადგინეს საკუთარი მოსაზრებები, თუმცა მმართველმა გუნდმა არცერთი არ გაიზიარა. 

სახალხო დამცველის არჩევის ახალ წესს მოქმედი ომბუდსმენი აკრიტიკებს. მას შემდეგ, რაც რეგლამენტში ცვლილებებს 88 დეპუტატმა მხარი დაუჭირა, ნინო ლომჯარიამ განცხადება გაავრცელა. მისი შეფასებით, ძირითადი საკითხების დარეგულირება გათვალისწინებულია ერთპიროვნულად, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ, ბრძანების ფორმით, რაც გამორიცხავს გამჭვირვალობისა და ჩართულობის მაღალ ხარისხს.

დღის ამბები