სახალხო დამცველს ახალი წესით აირჩევენ - 83 ხმა არცერთის წინააღმდეგ, თუმცა ტაბლოზე დღეს იმ ოპოზიციის ხმები არ ასახულა, ვინც რეგლამენტში შესულ ცვლილებებს მხარი პირველი მოსმენისას დაუჭირა. მესამე მოსმენაზე ომბუდსმენის არჩევის წესში შეტანილი ცვლილებებით კვლავ უკმაყოფილოები არიან "ნაციონალურ მოძრაობაში", "ლელოსა" და "სტრატეგია აღმაშენებელში". ოპოზიციის ეს ნაწილი ისევ იმეორებს, რომ მათი შენიშვნები კანონში გათვალისწინებული არ არის, პროცესი კი დაჩქარებულია.
ოპოზიციის არგუმენტებს არ იზიარებს ოპოზიციის ნაწილი და "ქართული ოცნება". ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი ამბობს, რომ მათი შეთავაზებები მმართველმა გუნდმა კანონში ასახა. სახელისუფლებო პარტია კი ამბობს, რომ ოპოზიციის ის ნაწილი, ვინც ომბუდსმენის არჩევის ახალ წესს მხარი არ დაუჭირა, ბრიუსელის რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება. მომავალ სახალხო დამცველს პარლამენტი წლის ბოლოს აირჩევს.
პირველი მოსმენის შემდეგ შეცვლილი გადაწყვეტილებების მიზეზად ოპოზიციამ "ქართული ოცნებისთვის" შეთავაზებული წინადადებების გაუთვალისწინებლობა დაასახელა, თუმცა, მათი ეს პოზიცია არ გაიზიარა თამარ კორძაიამ, რომელმაც ცვლილებებს მხარდაჭერა მესამე მოსმენით დღესაც გამოუცხადა.
მმართველ პარტიაში ოპოზიციის გადაწყვეტილების ცვლილების მიზეზად სახალხო დამცველის კრიტიკას ასახელებენ. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ომბუდსმენის განცხადება და ოპონენტების შეცვლილი რიტორიკა ერთმანეთს საეჭვოდ დაემთხვა.
პოზიციის ასეთი ცვლილება გაუგებარია ოპოზიციის მეორე ნაწილისთვისაც, უფრო კონკრეტულად "მოქალაქეებისა" და "გირჩისთვის". მათ დღეს კანონპროქტს მხარი დაუჭირეს.
"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ რეგლამენტის ცვლილებებზე მუშაობის დროს გაითვალისწინეს ყველა ის შეთავაზება, რომელიც მათ ოპონენტებს ჰქონდათ. სახელისუფლებო გუნდში დღეს თქვეს ისიც, რომ ოპოზიცია მსგავსი გადაწყვეტილებებით რეკომენდაციების შესრულების პროცესის ჩაშლას ცდილობს.
მოქმედ ომბუდსმენს ვადა დეკემბრის დასაწყისში ეწურება, სწორედ ამ დრომდე უნდა დაამტკიცოს საკანონმდებლო ორგანომ ახალი სახალხო დამცველი.