15 ნოემბერი 2024,   08:30
ვრცლად
მსურს დავარწმუნო უკანონოდ დაკავებულ პირთა ოჯახები, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე გათავისუფლდება უკანონო პატიმრობიდან - გრიგოლ ლილუაშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტს 2021 წლის ანგარიში წარუდგინა, სადაც ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე პროცესების, რუსეთის საოკუპაციო ძალების და დე ფაქტო რეჟიმების უკანონო აქტივობების შესახებ ისაუბრა.

როგორც უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა აღნიშნა, 2021 წელს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კვლავ რჩებოდა უკანონოდ განლაგებული რუსული მძიმე შეიარაღება და სამხედრო კონტინგენტი, ადგილზე მიმდინარეობდა ინტენსიური სამხედრო წვრთნები და მილიტარიზაციის პროცესი.

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გრძელდებოდა ოკუპირებული რეგიონების ანექსიისკენ მიმართული პოლიტიკა.

გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, საოკუპაციო ძალები განაგრძობდნენ უკანონო დაკავებებს და უკანონო ე.წ. ბორდერიზაციას, რომლის მთავარ მიზანს მოსახლეობაში დაუცველობის განცდის გაღვივება, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია და საზოგადოებაში ნიჰილიზმის გავრცელება წარმოადგენდა.

"2021 წლის დასასრულს უკანონო პატიმრობაში, საერთო ჯამში, საქართველოს შვიდი მოქალაქე იმყოფებოდა, მათ შორის ირაკლი ბებუა, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმმა თავისუფლება უკანონოდ ცხრა წლის ვადით შეუზღუდა. მსურს დავარწმუნო, პირველ რიგში, უკანონოდ დაკავებულ პირთა ოჯახები, ასევე, პატივცემული დეპუტატები, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე გათავისუფლდება უკანონო პატიმრობიდან. საქართველოს სახელმწიფოს შესწევს იმის ძალა და აქვს პრაქტიკა, თუ როგორ განახორციელოს ეს გათავისუფლება. ამის დადასტურებად შეგვიძლია მოვიყვანოთ ძალიან ბევრი მშვიდობით დასრულებული უკანონო პატიმრობა, თუმცა, სამწუხაროდ, სახეზე გვაქვს საპირისპირო ერთეული შემთხვევებიც," - განაცხადა  გრიგოლ ლილუაშვილმა.

დღის ამბები