ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების დრო შეზღუდულია- დარჩენილია სამ თვეზე ნაკლები, თუმცა პარლამენტში საერთო ენის გამონახვა და ერთობლივი მუშაობა კვლავ ვერ ხერხდება. ორი დღის წინ საკანონმდებლო ორგანოში დაჩქარებული წესით სახალხო დამცველის არჩევის წესში ცვლილებები დამტკიცდა, თუმცა ამ პროექტს ოპოზიციის ნაწილის-"ნაციონალური მოძრაობის", ლელოს და სტრატეგია აღმაშენებლის მხარდაჭერა არ ქონია. პარლამენტში ოპონენტი პოლიტიკური ჯგუფები კვლავ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად განაგრძობენ ინიციატივების წარდგენას და განხილვას.
"დაიწყება არასამთავრობოებთან ერთად ამ ჯგუფების მუშაობა და დავინახავთ, რას აპირებს ხელისუფლება, მართლა არის თუ არა შანსი, ავირჩიოთ დამოუკიდებელი სახალხო დამცველი, თუ ისე დააკომპლექტებენ ამ ჯგუფებს; ასევე, შემოაპარებენ თავისი მართული არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ისეთ კანდიდატურას, რომ ილუზია იქმნება არჩევითობისა 7 კაცში, სინამდვილეში აირჩევენ იმას, რომელიც იქნება პოლიტიკურად მართული. ამისი მექანიზმი უკვე შექმნა პარლამენტმა და სწორედ ამიტომ არ დავუჭირეთ მხარი. რაც შეეხება 12 პუნქტთან დაკავშირებით სხვა კანონპროექტებს, ჩვენ ვმუშაობთ, დავაკვირდებით პროცესებს, ალტერნატიული წინადადებები გვექნება,"-აცხადებს რომან გოცირიძე.
ამასთან, პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" პოლიტიკური საბჭოს წევრი სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ მისი პარტია გეგმის შესასრულებლად ფინალურ ფაზაშია.
"ჩვენ, "სტრატეგია აღმაშენებელი", სხვა ოპოზიციური პარტიები, ფინალურ ფაზაში ვართ ამ გეგმის შემუშავებაში. შემუშავებულია და ინიციატივებიც მზად არის. ბოლო შეხვედრა სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით გვექნება შემდეგ კვირაში, კვირის ბოლოს ოფიციალურად გამოვაქვეყნებთ ჩვენეულ ხედვებს და ინიციატივებს
არანაირი თანამშრომლობა არ იქნება მმართველ გუნდთან, თანამშრომლობა, ურთიერთობა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი ინიციატივები დარეგისტრირდება და ამაზე მოხდენა რეალური მსჯელობა,"-განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
რაც შეეხება მმართველი გუნდის პოზიციას. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ოპონენტებმა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას მხარი არ დაუჭირეს.