ევროკომისიის 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით კონსულტაციებს მართავენ მმართველი გუნდის წარმომადგენლებიც. როგორც უმრავლესობაში განმარტავენ, ამ ეტაპზე შეხვედრების მთავარი თემა იმ კომისიის ჩამოყალიბებაა, რომელიც ომბუდსმენობის კანდიდატებს შეაფასებს. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ისინი ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობისთვის მზად არიან.
"მას შემდეგ რაც რეგლამენტში ცვლილება იქნა მიღებული, შესაბამისად ახლა დგება ის ეტაპი, როდესაც საორგანიზაციო საკითხების მოწესრიგებას საჭიროებს და პროცედურების გამართვას პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების ფორმით. შესაბამისად ჩვენ როგორც შევთანხმდით გვექნება კონსულტაციები ყველა სუბიექტთან ვინც ამის სურვილს გამოხატავს.
თუ რამე სათქმელი, იდეა და მოსაზრება აქვთ, მობრძანდნენ და ისაუბრონ ამის თაობაზე პირდაპირ იქ, სადაც ამის ადგილია. თუმცა მათი ნებაა, შეუძლიათ ალტერნატიული პროექტებიც მოამზადონ, შეუძლიათ, არც მოამზადონ," - აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.