15 ნოემბერი 2024,   08:23
ვრცლად
"ლელო" ინიციატივით გამოდის, რომ საქართველოსა და რუსეთის სპეციალური სამსახურების სავარაუდო კავშირების თაობაზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისია შეიქმნას

პარტია "ლელო" ინიციატივით გამოდის, რომ საქართველოსა და რუსეთის სპეციალური სამსახურების სავარაუდო კავშირების თაობაზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისია შეიქმნას. როგორც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, "ლელო" დღესვე დაიწყებს კონსულტაციებს სხვა საპარლამენტო ფრაქციებთან საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად, რომ პარლამენტის წევრების ხელმოწერების საჭირო რაოდენობა შეგროვდეს.

"იმ ინფორმაციაში, რომელიც გავიდა ჟურნალისტურ საგამოძიებო სიუჟეტში, იკვეთება ძალიან ნათლად ის ფაქტები, რომელიც, შესაძლოა, შეადგენდეს როგორც ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს, ასევე საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევას. პოლიტიკური გაერთიანება „ლელო - საქართველოსთვის“ გამოდის ინიციატივით, რომ ჩვენ გადაუდებლივ დავიწყოთ დღესვე კონსულტაციები სხვა ოპოზიციურ პარტიებთან პარლამენტში იმისთვის, რომ ჩვენ სასწრაფოდ შევქმნათ დროებითი საგამოძიებო კომისია საქართველოს პარლამენტში," - განაცხადა პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკურმა მდივანმა სალომე სამადაშვილმა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი მიიჩნევს, რომ ეს არის ნაცადი ხერხი, რომელსაც მიმართავენ, რომ პოლიტიკურ ოპოზიციურ ჯგუფებს მათი რადიკალური დღის წესრიგის განსამტკიცებლად და შესაქმნელად რაღაც ნიადაგი უნდა შეუმზადდეთ. ​

"ეს არის გასაგები და ნაცადი ხერხი, რომელსაც მიმართავენ ხოლმე, რომ პოლიტიკურ ოპოზიციურ ჯგუფებს მათი რადიკალური დღის წესრიგის განსამტკიცებლად და შესაქმნელად რაღაც ნიადაგი უნდა შეუმზადდეთ და ეს ნიადაგის შემზადებას არის სწორედ ის, რასაც ჩვენ ვისმენთ თითქოს რაღაც შავ-ბნელი კავშირებია. ჯერ უნდა გამოვიდეს ეს ინიციატივა, უნდა მოვისმინოთ რას ეფუძნება, რას ასაბუთებენ, თუმცა თავისივე არსში და საწყისში, ეს არის ერთიანი პროცესი იმისთვის, რომ პროცესების რადიკალიზაცია მოხდეს," - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა,

დღის ამბები