საქართველოში მთავარი პოლიტიკური საკითხი ისევ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულება რჩება. ყველა პოლიტიკური ძალა თანხმდება იმაზე, რომ რეკომენდაციები უნდა შესრულდეს, თუმცა აქვთ თავიანთი პოლიტიკური ხედვები და დღის წესრიგი, რომელიც ემიჯნება მმართველი ძალის პოლიტიკურ დღის წესრიგს.
განსხვავებული დამოკიდებულებაა არა მხოლოდ მმართველ გუნდსა და ხელისუფლების ოპონენტებს შორის, არამედ თვითონ ოპოზიციაშიც. "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი კოლეგებს მოუწოდებს არ მიიღონ მონაწილეობა იმ შეხვედრებში, რომელსაც მმართველი პარტია სახალხო დამცველის შერჩევის წესთან დაკავშირებით მართავს. გიორგი ვაშაძის პარტია ერთადერთი საპარლამენტო პოლიტიკური ძალა იყო, რომელმაც გუშინ, უარი თქვა პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე
"მოვუწოდებ ჩვენს ოპოზიციურ კოლეგებს შევეშვათ მგლის თავზე სახარების კითხვას და ლუსტრაცია მოვახდინოთ "ქართული ოცნების". არანაირი სამუშაო ჯგუფი, ვითომ კრიტერიუმებთან დაკავშირებით არ უნდა იყოს პაპუაშვილთან. სუფთა ფორმალურად სამოქალაქო სექტორი, რომელ კანდიდატებსაც შეარჩევს დარეგისტრირდნენ აი, ამ რაღაცა პროცედურაში. ჩვენ მაინც 7-კაციანმა ჯგუფებმა და ოპოზიციამ ერთობლივად წარვადგინოთ ის ღირსეული კანდიდატები, რომელსაც ავტორიტეტული სამოქალაქო სექტორი დაუჭერს საკუთარი საქმიანი რეპუტაციიდან გამომდინარე მხარს,"-აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი, პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე.
ამასთან, პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარის მოადგილე ლევან ბეჟაშვილი კოლეგებს მოუწოდებს, შერჩეული იქნას ისეთი კანდიდატი, რომელიც დააკმაყოფილებს ყველა პოლიტიკური ძალის ინტერესს.
"მნიშვნელოვანია, საპარლამენტო ოპოზიციამ შეძლოს და მოახდინოს ისეთი კანდიდატების დასახელება, რომელიც კორელაციაში იქნება არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციასთან და ჩვენ წარვადგინოთ კანდიდატები, ასევე ჩვენვე ვაიძულოთ "ქართული ოცნება" დაუჭირონ მხარი ისეთ ადამიანს, რომელიც ყველა პოლიტიკური პარტიის ინტერესს დააკმაყოფილებს, იქნება გამორჩეული პროფესიონალიზმით, ობიექტურობით, ამიტომ ამ პროცესში ვმონაწილეობდით. თუ მათ შევატყვეთ, რომ არ არიან დაინტერესებულნი პროცესების ობიექტურად წარმართვით ჩვენ შეგვეძლება სხვა გადაწყვეტილებაც მივიღოთ,"-აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.
რეკომენდაციების შესრულება, რომ მთავარი მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხია ამაზე კიდევ ერთხელ საუბრობს თამარ კორძაიაც, თუმცა ოპოზიციონერ კოლეგას არ ეთანხმება. პარლამენტის წევრი მიიჩნევს, რომ ამჟამად რა ცვლილებებიც განახორციელა მმართველმა გუნდმა გამართული და სწორია.
"მე არ ვეთანხმები ვაშაძეს. სამართლებრივი ცვლილებები რაც განხორციელდა პარლამენტის მიერ რეგლამენტში, გამართულია და სწორია. რაც შეეხება ვალდებულების სრულყოფილ შესრულებას, სრულყოფილ შესრულებას სჭირდება, ნება. პოლიტიკური პროცესი უკვე, სახალხო დამცველის კანდიდატების დასახელების, შერჩევის, კენჭისყრის და ა.შ. შეიძლება ნებისმიერ წუთს გაფუჭდეს, თუ მისი სწორად წარმართვის სურვილი არ აქვს "ქართულ ოცნებას". ჯერ რაც გაკეთდა არის ნორმალური და მისაღები. მომავალში რაც იქნება ამაზე მერე გეტყვით,"-აცხადებს თამარ კორძაია.
რაც შეეხება ხელისუფლების პოზიციას ოპონენტების მოსაზრებაზე. მმართველი ძალა აცხადებს, რომ რადიკალური ოპოზიციის რიტორიკა დაუსაბუთებელი და არგუმენტს მოკლებულია. ამასთან, მმართველი გუნდის განცხადებით, რადიკალურ ოპოზიციას არ უხარია, რომ პარლამენტში მრავალპარტიული გადაწყვეტილებით მოხდა რეგლამენტში ცვლილებების დამტკიცება.