ელექტრონული არჩევნების პროექტს ოპოზიცია მიესალმება, თუმცა ხელისუფლების ოპონენტების ნაწილს კითხვები მაინც რჩება. მათი თქმით, განხილვის პროცესში დასაზუსტებელია საკითხები, ამასთან აქვთ საკუთარი ინიციატივებიც, რომელიც შესაძლოა "ქართულ ოცნებასთან" შეთანხმდეს.
პარტია "საქართველოსთვის" წევრები მიიჩნევენ, რომ სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს მხოლოდ ელექტრონული აპარატურის გამოყენება ვერ უზრუნველყოფს და აუცილებელია აღმოიფხვრას ამომრჩევლის მოსყიდვისა და სისტემური ზეწოლის პრაქტიკა:
"ტყუილია, რომ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს მხოლოდ ელექტრონული აპარატით ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და ხმის მიცემის წესის ფართოდ დანერგვა უზრუნველყოფს. მოვითხოვთ, შესაბამის საკომიტეტო ფორმატში ხელისუფლებამ წარმოადგინოს ამომრჩევლის მოსყიდვისა და სისტემური ზეწოლის აღმოფხვრის კონკრეტული ხედვა და მათ შესასრულებლად სასწრაფოდ გადადგას ნაბიჯები 2022 წლის დეკემბრამდე," - განაცხადა პარტია "საქართველოსთვის" წევრმა ნათია მეზვრიშვილმა.
"ნაციონალურ მოძრაობაში" ელექტრონულ არჩევნებს იწონებენ, თუმცა აცხადებენ, რომ არსებული ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიების პირობებში გაყალბების რისკი ისევ არსებობს.
"ლელო საქართველოსთვის" წევრი სალომე სამადაშვილი კი ხაზს უსვამს გადაზღვევის მექანიზმების არსებობის მნიშვნელობას, რათა მისი თქმით, მეტი სანდოობა ჰქონდეს სისტემის დაცულობას და არჩევნების შედეგებს.
ოპოზიციის კრიტიკას პასუხობენ მმართველ პარტიაში. "ქართული ოცნების" წევრი რატი იონათამიშვილი ამბობს, რომ მსგავსი პროგრესული გადაწყვეტილებები დესტრუქციული ძალების ლუსტრაციას ახდენს, რადგან ისინი ამ პროგრესის დაზიანებას ცდილობენ:
"ნებისმიერი პროგრესული გადაწყვეტილება და შედეგი ამავდროულად ახდენს ლუსტრაციას იმ დესტრუქციული ძალების, რომელთაც არ უხარიათ არცერთი წინ და სწორად გადადგმული ნაბიჯი. ისინი მუდმივად ცდილობენ, რომ ან საკუთარ თავზე დაიბრალონ პროგრესი, ან რამენაირად დააზიანონ. მაგრამ ჩვენი საზოგადოებაც ხედავს, რომ მათი მსგავსი ქმედებები, ყოველთვის არის უსაფუძვლო.
არჩევნების ელექტრონულად ჩატარება არის "ქართული ოცნების" უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომელიც საარჩევნო უბნებზე დაასრულებს ყოველგვარ სპეკულაციებსა და მანიპულაციებს. დაახლოებით 80% მეტი ამომრჩეველი მიიღებს ამ წესით მონაწილეობას და ასევე 70%-ზე მეტი საარჩევნო უბნები დაიფარება," - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
საარჩევნო პროცესში სპეკულაციის სივრცის შემცირებაზე ამახვილებს ყურადღებას უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილიც:
"სპეკულაციის სივრცეც აღარ უნდა დარჩეს არჩევნებთან დაკავშირებით. ელექტრონული დათვლის წესი მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ფაქტობრივად მთელი საქართველოს მასშტაბით არჩევნების შედეგები გახდეს მყისიერად ცნობილი, იქნება მატერიალური დოკუმენტიც შენარჩუნებული, ანუ აქაც არ იქნება სპეკულაციის ადგილი, რომ კომპიუტერულ ქსელში ვიღაცამ ჰაკერულად გადააკეთა მონაცემები," - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
მმართველმა გუნდმა დღეს გამოაცხადა გადაწყვეტილების შესახებ, რომლის მიხედვით, 2024 წლიდან ელექტრონული აპარატურის გამოყენებით ამომრჩეველთა რეგისტრაციის და ხმის მიცემის წესი, ფართოდ უნდა დაინერგოს.