მოძრაობა "ხალხის ძალის" მიერ გამოქვეყნებულ მორიგ განცხადებას ეხმაურებიან ხელისუფლების ოპონენტები. ოპოზიცია ამბობს, რომ ეს ანტიდასავლური რიტორიკის გაგრძელებაა.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გიორგი ბოტკოველი ამბობს, რომ მსგავსი განცხადებებით ოთხეული შეგნებულად მოქმედებს საქართველოს წინააღმდეგ.
"ტყუილად არ აკეთებენ ამ განცხადებებს, ზუსტად იციან, რომ ეს ქვეყნის იმიჯს ანგრევს, სუვერენიტეტს ანგრევს და ამიტომ აკეთებენ ამ განცხადებებს, გააზრებულად მოქმედებენ საქართველოს საწინააღმდეგოდ," - ამბობს ბოტკოველი.
"რეფორმების ჯგუფის" წევრის, პაატა მანჯგალაძის თქმით, მსგავსი საუბარი აბსურდულია.
"ათასნაირი ადამიანი არსებობს დასავლეთში, ყველას რაღაცა პოზიცია ჰქონდეს, მაგრამ თავი იმიტომ გვაქვს მხრებზე, რაც არის სასარგებლო საქართველოსთვის, ის გავაკეთოთ, ეს არის ქარიშხალი ჭიქაში, აბსურდი და ვინც ასე ლაპარაკობს, ეჭვი მაქვს, ეს ხალხი ან მიზანმიმართულად [იქცევა ასე], ან სასარგებლო იდიოტები არიან ამ პროცესში," - თქვა მანჯგალაძემ.
"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი, ალექსანდრე რაქვიაშვილი აცხადებს რომ ოთხეულის მთავარი პრობლემა ის არის რომ აქვთ ძალიან სერიოზული ბრალდებები, თუმცა არა მტკიცებულებები.
"ამ ოთხეულის მთავარი პრობლემა არის ის, რომ ძალიან სერიოზული ბრალდებები აქვთ, მაგრამ მტკიცებულებები არ აქვთ და ჩემთვის გაუგებარი ხდება, რატომ აკეთებენ ამ განცხადებებს, საერთოდ, რა პროექტია ასეთი, რომელიც, ერთის მხრივ, "ოცნების" ნაწილია, მეორეს მხრივ, ნაწილი არ არის, სიმართლეს ამბობს, მაგრამ რას ლაპარაკობს, გაურკვეველია," - განაცხადა რაქვიაშვილმა.