"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი ოპოზიციის ღია კრიტიკას არც დღეს მორიდებია. გიორგი ვაშაძე უკვე მეორე დღეა ცდილობს კოლეგებს პოზიცია შეაცვლევინოს და ომბუდსმენის საკითხზე პარლამენტის თავმჯდომარესთან კონსულტაციებზე უარი ათქმევინოს.
ვაშაძის რიტორიკა მმართველი გუნდისთვის მიუღებელია. "ქართულ ოცნებაში" მიაჩნიათ, რომ "სტრატეგია აღმაშენებლის" სტრატეგია რადიკალიზმის გაღრმავებას ემსახურება. როგორც მმართველ გუნდში ამბობენ, ოპოზიციური პარტიების თანამონაწილეობით დაწყებულ პროცესზე ვაშაძის განცხადებები ადასტურებს, რომ კონკრეტულ პარტიას ევრორეკომენდაციების შესრულება არ სურს.
ვაშაძის მოწოდებისა და სურვილის მიუხედავად, კონსულტაციაზე უარი არ უთქვამთ "სტრატეგია აღმაშენებლის" პარტნიორ პარტიებს. "ლელო" დღეს შეხვედრას ტექნიკური მიზეზით ვერ დაესწრო, თუმცა განმარტეს, რომ პროცესს არ ეთიშებიან. იგივე პოზიციაზეა "ნაციონალური მოძრაობაც", ყოფილმა თანაგუნდელმა მათგან დღეს საპასუხო კრიტიკა მიიღო.
ომბუდსმენის შერჩევის ტექნიკური მხარე პოლიტიკურმა მხარეებმა ერთსაათიან შეხვედრაზე მალევე შეაჯერეს. პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების ტექსტთან დაკავშირებით ოპოზიციას შენიშვნები არ ჰქონია.
მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ პროცესი ინკლუზიური იყო, რის საფუძველზეც პოლიტიკურმა ჯგუფებმა სამართლიანი პროცედურები შეათანხმეს. უმრავლესობის ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილის ბრძანება რამდენიმე საათში გამოქვეყნდება. ამის შემდეგ კი, კანდიდატების განაცხადების მიღება ოფიციალურად დაიწყება.
პოლიტიკურ ჯგუფებს ომბუდსმენის კანდიდატურის წარდგენა კონკრეტულ ვადაში შეეძლებათ, თუმცა მანამდე შესაბამისი განაცხადები სამუშაო ჯგუფმა უნდა შეაფასოს. ვინ იქნებიან თავად შემფასებელი ჯგუფის წევრები - ეს მომდევნო დღეებში ისევ პარლამენტის თავმჯდომარესთან კონსულტაციებით დაზუსტდება.