15 ნოემბერი 2024,   08:24
ვრცლად
მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის განცხადება ჩვენთვისაც შემაშფოთებელია - ირაკლი კობახიძის შეფასებით ოთხეულის განცხადება ანტიამერიკული არ არის

მაკკეინის ინსტიტუტის ხელმძღვანელის ეველინ ფარკასის გზავნილებს, იმასთან დაკავშირებით, რომ სურთ საქართველოს მთავრობა უფრო აქტიურად იყოს ჩართული რუსეთის სანქცირებაში და ზოგადად ქვეყნებმა მეტი რისკი უნდა აიღონ საკუთარ თავზე, რათა ხელი შეუწყონ უკრაინაში ომის დასრულებას, საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში გამოხმაურება მოჰყვა. განცხადებას მორიგი მწვავე წერილით გამოეხმაურა მმართველი პარტიიდან წასული ოთხეული.

ეველინ ფარკასის განცხადებაზე "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძემ კომენტარი გააკეთა ოთხეულის წერილზეც, რომელიც პოლიტიკური სპექტრის ნაწილმა ანტიამერიკულადაც შეაფასა:

"მე არ ვუწოდებ ამას ანტიამერიკულს, ჩვენ რომ ვფიქრობდეთ, რომ ეს ადამიანები ანტიამერიკულ განცხადებებს აკეთებენ, ამ შემთხვევაშიც უმრავლესობაშიც კი არ ვიქნებოდით ერთად. თვითონ სიტყვა "ანტი" არ მომწონს, შეიძლება ოჯახში საკუთარ შვილს მისცე შენიშვნა, ეს არ ნიშნავს, რომ მისი "ანტი" ხარ.

ჩვენ გვიჭირს დეტალებში შესვლა და გარჩევა, თუ რაზე საუბრობენ ეს ადამიანები, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ამ ფორმასთან გვაქვს პრობლემა. საჯაროდ ამ პოლემიკაში შესვლა ჩვენთვის იყო უხერხულობის შემცველი და გვირჩევნია ვისაუბროთ დახურულ კარს მიღმა გარკვეულ პრობლემებზე, რაც შეიძლება არსებობდეს.

მაკკეინის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებაში შემაშფოთებელია რა, რომ ის პირდაპირ მოგვიწოდებს პრაქტიკულად ომში ჩართვისკენ, ანუ პირდაპირი ტექსტით აქვს ნათქვამი, ანუ საუბრობს სანქციების დაწესებაზე და იმაზე, რომ ეს სანქციები შეიძლება მაპროვოცირებელი გახდეს რუსეთისთვის, რომ შემოიჭრას საქართველოში და მერე გვამშვიდებს, რომ შემოიჭრება მაგრამ ალბათ ვერ მოიგებს და ასე შემდეგ, ეს რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია, იმიტომ, რომ მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, მართალია არ წარმოადგენს სახელისუფლებო სტრუქტურას, მაგრამ არის მნიშვნელოვანი ფიგურა და იღებს დაფინანსებას აშშ-ის ბიუჯეტიდან და ჩვენთვისაც არის, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელი," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერში".

დღის ამბები