26 აგვისტო 2026,   23:15
ვრცლად
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გაფორმდა

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გაფორმდა - ამის შესახებ სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა განაცხადა.

"საერთაშორისო თანამეგობრობის მონაწილეობის წყალობით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მიღწეულია. იმედი ვიქონიოთ, რომ აზერბაიჯანი დაიცავს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს", - განაცხადა არმენ გრიგორიანმა.

მანამდე აზერბაიჯანი აცხადებდა, რომ სომხეთს ცეცხლის შეწყვეტა, ჰუმანიტარული მიზნებისთვის შესთავაზა.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო სიყალბეს უწოდებს ინფორმაციას თითქოს სომხური დასახლებები აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ მოექცა.

პარალელურად კი ერევანში დემონსტრაცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები პრემიერის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ. ეს კი მას შემდეგ რაც პრემიერმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაპოსტა, რომ აპირებენ მოაწერონ ხელი ისეთ ფურცელს, რის შედეგადაც გააკრიტიკებენ, გალანძღავენ და მოღალატესაც დაუძახებენ.

სომხეთ-აზერბაიჯანს შორის შეტაკება ორი დღის წინ დაიწყო, სომხური მხარე აცხადებს, რომ შედეგად 105 სამხედრო დაიღუპა, აზერბაიჯანში კი ამბობენ, რომ შეტაკებების შედეგად 50 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

დღის ამბები