15 ნოემბერი 2024,   09:00
ვრცლად
შეთანხმებები მხოლოდ ტექნიკურ საკითხებზე არსებობს და ბევრად მნიშვნელოვანი, შინაარსობრივი ნაწილი წინაა - ანა ბუჩუკური ომბუდსმენის არჩევის პროცესზე

ომბუდსმენობის მსურველთა განაცხადების მიღება დაიწყო. კანდიდატებს დოკუმენტაციის წარდგენა დღეიდან შეუძლიათ. ბრძანება, სადაც მოთხოვნებია გაწერილი, პარლამენტის თავმჯდომარემ დღის ბოლოს გამოსცა.

მანამდე შალვა პაპუაშვილმა მომავალი სახალხო დამცველის არჩევის წესსა და პროცედურულ საკითხებზე ოპოზიციასთან კონსულტაციები გამართა. რაც შეეხება კანდიდატთა შეფასების კომისიას, ის მოგვიანებით შეიქმნება.

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის, პაატა მანჯგალაძის თქმით, ეს პროცესი რეალურად ფსევდო პროცესია და სწორედ ამიტომ, "სტრატეგია აღმაშენებელი" მასში მონაწილეობას არ იღებს.

"ოპოზიციას ერთ საერთო კანდიდატზე შეთანხმების უფლებაც არ აქვს, როცა ვალდებულებაა რომ 7 კანდიდატი მინიმუმ დავასახელოთ, რათა იქ გააძვრინოს "ქართულმა ოცნებამ" ერთი თავისი კანდიდატი, ფსევდო-ოპოზიციური პარტიის დასახელებული. ეს პროცესი არის ფსევდო პროცესი და სწორედ ამიტომ არ მონაწილეობს "სტრატეგია აღმაშენებელი", ნეტა ვცდებოდეთ ჩვენ," - აცხადებს მანჯგალაძე.

პარტიის "საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ანა ბუჩუკური ამბობს, რომ შეთანხმებები მხოლოდ ტექნიკურ საკითხებზე არსებობს და ბევრად მნიშვნელოვანი, შინაარსობრივი ნაწილი ჯერ კიდევ წინაა.

"ამ ეტაპამდე შეთანხმება არსებობს მხოლოდ იმ ბრძანებასთან დაკავშირებით, რომელიც შალვა პაპუაშვილმა ანუ პარლამენტის თავმჯდომარემ გამოსცა და რომელიც არეგულირებს მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკურ და პროცედურულ ნაწილს. რაც შეეხება შინაარსობრივ ნაწილს, რომელიც არის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე ის, თუ ფურცელზე რა წერია, ეს ყველაფერი არის წინ და ასე ვთქვათ საბრძოლველი ყველაფერი არის წინ. ჯერ-ჯერობით არ დაწყებულა კონსულტაციები იმასთან დაკავშირებით, თუ შემფასებელ სამუშაო ჯგუფში ვინ უნდა იყოს წარმოდგენილი," - თქვა ბუჩუკურმა.

დღის ამბები