ომბუდსმენობის მსურველთა განაცხადების მიღება დაიწყო. კანდიდატებს დოკუმენტაციის წარდგენა დღეიდან შეუძლიათ. ბრძანება, სადაც მოთხოვნებია გაწერილი, პარლამენტის თავმჯდომარემ გამოსცა. რაც შეეხება კანდიდატთა შეფასების კომისიას, ის მოგვიანებით შეიქმნება. შეფასებები კეთდება ოპოზიციასა და უმრავლესობაში. ორივე მხარე მოუწოდებს მსურველებს წარადგინონ საკუთარი კანდიდატურები. მთავარი ძლიერი კანდიდატის წარდგენაა.
პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარის მოადგილე ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ შემოთავაზებული პროცედურა მეტ-ნაკლებად იძლევა საშუალებას, პარტიამ პროცესში მონაწილეობა მიიღოს და საკუთარი კანდიდატურის გაყვანა სცადოს.
"ჩვენთვის, როგორც მთავარი ოპოზიციური პარტიისათვის მნიშვნელოვანია, რომ სახალხო დამცველის კანდიდატურა იყოს წარდგენილი და არჩეული ოპოზიციური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების შერჩევით. შემოთავაზებული პროცედურა მეტ-ნაკლებად იძლევა საშუალებას, რომ პროცესში მონაწილეობა მივიღოთ და ჩვენი კანდიდატურის გაყვანა ვეცადოთ," - ამბობს ბეჟაშვილი.
პარტია "ლელოს" წევრის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია წინა სახალხო დამცველების მიერ დადგენილი მაღალი სტანდარტი არ დაეცეს.
"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკვე დადგენილი მაღალი სტანდარტი წინა სახალხო დამცველების მხრიდან, არ დაეცეს და მივიღოთ ახალი სახალხო დამცველი, რომელიც ასევე კომპეტენტურად და პრინციპულად გააგრძელებს თავის საქმიანობას და მანდატს. ამისთვის "ლელო" იქნება პროცესში, რომ უზრუნველყოფილი იყოს გამჭვირვალობა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება," - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
პარტია "მოქალაქეების" წევრი ლევან იოსელიანი ამბობს, რომ ვინც პროცესში მონაწილეობას არ იღებს, მას არ სურს არც კარგის, არც ცუდის და საერთოდ არანაირი სახალხო დამცველის არჩევა.
"სახალხო დამცველის არჩევის წესი მნიშვნელოვანია იყოს გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომი. ვფიქრობ, ამაში მონაწილეობის არ მიღება ვერ მიგვიყვანს იმ შედეგამდე, რაც ყველას ინტერესია. ოპოზიციის ინტერესი არის, რომ ამ ქვეყანას ჰყავდეს კარგი სახალხო დამცველი. თუ ამ პროცესში არ მონაწილეობ, ჩემი აზრით, ზოგადად არ გინდა სახალხო დამცველის არჩევა, არც კარგის, არც ცუდის და არანაირის იმიტომ, რომ ძალიან კარგად გვესმის, ოპოზიციის გარეშე სახალხო დამცველის არჩევა ამ ეტაპზე შეუძლებელია," - თქვა იოსელიანმა.