15 ნოემბერი 2024,   08:23
ვრცლად
საზოგადოებას არ აქვს გარკვეული NGO-ების ნდობა, რომლებიც კვლევებს აკეთებენ და არაა აუცილებელი, ის პასუხი გასცენ, რასაც ფიქრობენ - ვოლსკი

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევას საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ეხმაურება და იმ ორგანიზაციების სანდოობასთან დაკავშირებით სვამს კითხვას, რომლებიც NDI-ის დაკვეთით კვლევას ადგილზე ატარებენ:

"არ აქვს საზოგადოებას ნდობა გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციებისა, რომლებიც აკეთებენ კვლევებს და არ არის აუცილებელი, რომ ზუსტად ის პასუხი გასცენ, რასაც ფიქრობენ. არსებობს გარკვეული მეთოდოლოგია, რომელიც ზუსტად აღწერს საზოგადოებრივ განწყობებს საქართველოში. სოციალური პრობლემები არის საგანგებო მნიშვნელობის და სამწუხაროდ ამ პრობლემას წამოეწია საფრთხე ომისა  და დესტაბილიზაციისა, აქედან გამომდინარე, ის რომ "ქართული ოცნების" პოლიტიკის მიმართ ლოიალური გაცილებით მეტი ადამიანი იქნება, ვიდრე "ნაცმოძრაობისა", რომელიც დესტაბილიზაციის გარდა არაფერს ჰპირდება საზოგადოებას, ეს რაიმე სიახლე არაა,"  - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, NDI-ის კვლევის თანახმად შეკითხვაზე – რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, 25% "ქართულ ოცნებას" ასახელებს, 8 % "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", 13% სხვა პარტიებს, 54%-მა პროცენტმა გასცა შემდეგი პასუხები – არც ერთი პარტია, არ ვიცი, უარი პასუხზე.

რაც შეეხება ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებს პირველ სამეულში სამუშაო ადგილები, ფასების ზრდა და სიღარიბეა.

NDI-ის ცნობით, მათი კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ. აღნიშნული ანგარიში 14 ივლისიდან–15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება . გამოიკითხა 2,104 ადამიანი.

დღის ამბები