15 ნოემბერი 2024,   08:26
ვრცლად
ოპოზიციის ნაწილი NDI-ის კვლევის შედეგებს ენდობა და პრობლემებზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს 

ოპოზიციის ნაწილი NDI-ის კვლევის შედეგებს ენდობა, ისინი ფიქრობენ, რომ ოპოზიციური პარტიების მიმართ დამოკიდებულებას განსაზღვრავს მძიმე მდგომარეობა, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი და რომლის შესაცვლელადაც ოპოზიცია ბერკეტების ნაკლებობას განიცდის.

"მუდმივი პოლიტიკური კრიზისის პირობებში, პოლიტიკურ აქტორებს ხშირად უწევთ საუბარი იმ თემებზე, რომელიც, საბოლოო ჯამში, საზოგადოება ვერ ხედავს, როგორ არის კავშირში მათ ყოველდღიურ პრობლემებთან.

საზოგადოებას, ვფიქრობ, ძალიან კარგად ესმის. არც ოპოზიციას, არც არასამთავრობო ორგანიზაციებს არ აქვთ ხელში ძალაუფლების ბერკეტები , რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ მიიღო კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, ამიტომ მათ მოლოდინი, ცხადია, არ არის ოპოზიციის მიმართ," - აცხადებს "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი სალომე სამადაშვილი.

პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ კვლევაში ნათლად გამოჩნდა ის გაჭირვება და უკმაყოფილება, რომელიც ქვეყანაშია. ამასთან გიორგი ვაშაძე ხაზს უსვამს იმას, რომ მხოლოდ მისი პარტიის რეიტინგია გაზრდილი.

"NDI-ს კვლევაში ჩანს, რომ არის საშინელი გაჭირვება ქვეყანაში, საშინელი უკმაყოფილება ინსტიტუციების მუშაობასთან დაკავშირებით. ამ ორივესგან ხსნა არის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ევროკავშირი არის მეტი უსაფრთხოება და მშვიდობა საქართველოში, ეს არის მეტი ფინანსები, ფული, ეკონომიკური განვითარება. ამ ყველაფერს ეღობება წინ "ქართული ოცნება".

ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვისი რეიტინგიც არის გაზრდილი, ეს არის "სტრატეგია აღმაშენებელი"," განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

პარტია "საქართველოსთვის" წევრის ანა ბუჩუკურის განცხადებით,  კვლევა  რეალობას ასახავს და კიდევ ერთხელ აჩვენებს პოლიტიკურ სპექტრს, რომ პოლიტიკური ტრიბუნა არ უნდა იყოს გამოყენებული არარეალური თემებისთვის, არამედ მხოლოდ იმ საკითხებისთვის, რაც რეალურად აწუხებთ მოქალაქეებს და სახელმწიფოს.

ახალი არაფერი არ არის, ის, რომ საქართველოს მოქალაქეები, აბსოლუტურად სწორად, მთავარ პასუხისმგებლობას აკისრებენ "ქართული ოცნების" ხელისუფლებას, ამაში გასაკვირი არაფერი არ არის.

პოლიტიკური ტრიბუნა არ უნდა იყოს გამოყენებული არარეალური თემებისთვის, უნდა ვიყენებდეთ მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რაც რეალურად აწუხებთ ჩვენს მოქალაქეებს და სახელმწიფოს," - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

 

დღის ამბები