ევროპული რეკომენდაციების შესრულების პროცესი გრძელდება - ვინ გახდება ქვეყნის სახალხო დამცველი? განაცხადების მიღება საკანონმდებლო ორგანოში უკვე დაიწყო. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი ამბობს, რომ ისინი სახალხო დამცველის კანდიდატის დასახელებასთან დაკავშირებით კონსულტაციებს არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართავენ.
იქამდე კი პირველმა კანონმდებელმა შემფასებელი კომისია უნდა დააკომპლექტოს, ეს პროცესი კი ოპოზიციასთან კონსულტაციების შედეგად უნდა მოხდეს. ყველა თანხმდება, რომ ნინო ლომჯარიას შემცვლელი საერთო კონსესუსით უნდა შეირჩეს.
კონსულტაციებში ოპოზიციის დიდი ნაწილი მონაწილეობას იღებს, თუმცა მასში არ მონაწილეობს "სტრატეგია აღმაშენებელი". ისინი ამბობენ, რომ პროცესი არ აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რომლითაც სახალხო დამცველი უნდა შეირჩეს.
პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" წევრის, პაატა მანჯგალაძის თქმით, პროცესი გამჭვირვალე და დემოკრატიული არ იქნება.
"ევროპული რეკომენდაციის პირობა იყო მთავარი, რომ პროცესი ყოფილიყო უფრო ჩართული ანუ უფრო ინკლუზიური, გამჭვირვალე, რასაც ხელი უნდა შეეწყო საბოლოო ჯამში უფრო დამოუკიდებელი სახალხო დამცველის არჩევნებს. ჩვენ მივიღეთ საწინააღმდეგო პროცესი. ერთი შეთანხმებული კანდიდატის წარდგენის უფლება კი არ გვაქვს ოპოზიციას, როგორც აქამდე იყო, არამედ 7 უნდა წარვადგინოთ, შემდეგ ამ შვიდიდან ხელისუფლებისთვის სასურველ დაასახელებენ ევროპელი სოციალისტები, ამას გაიყვანს ქართლი ოცნება და ჩაითვლება, რომ პროცესი არის უფრო გამჭვირვალე, დემოკრატიული და ინკლუზიური. ვის ვატყუებთ?" - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.
განცხადება პროცესთან დაკავშირებით გააკეთა პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრმა რომან გოცირიძემ.
"სახალხო დამცველს უნდა ნიშნავდეს პარლამენტი მხოლოდ და მხოლოდ კონსესუსით, ანუ როდესაც უმრავლესობა და უმცირესობა შეთანხმდებიან. ეს მექანიზმი ახლა არ არის ჩადებული ამაში და ეს უნდა იყოს უზრუნველყოფილი კანონით და პარლამენტის თავმჯდომარის პერსონალურ სურვილებზე არ უნდა იყოს დამოკიდებული," - აცხადებს რომან გოცირიძე.