მმართველი გუნდი ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად მუშაობას განაგრძობს. პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დეპუტატები დღეს სასამართლო რეფორმის თაობაზე სამუშაო ჯგუფის ფორმატში იმსჯელებენ.
რაც შეეხება საპარლამენტო კონტროლსა და საარჩევნო რეფორმას, რომლებიც ასევე 12-პუნქტიანი რეკომენდაციის ნაწილია, ორივე მათგანი ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დაინიცირდება, რის შემდეგაც საკითხების განხილვა კომიტეტებში გაგრძელდება.
"დღეს ჩვენ გვაქვს აქტიური ანგარიშგება ჩვენი მოსახლეობის წინაშე, იმ სამუშაო პროცესების, რაც 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების პირობებში ვითარდება. კერძოდ, გაიმართება სამუშაო შეხვედრა სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით. ასევე, საარჩევნო თვალსაზრისით იქნება უკვე ანგარიში კომიტეტის და საზოგადოების წინაშე.
საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას, რომ ეუთო/ოდირის რეკომენდაციები სრულად არის გაზიარებული. მნიშვნელოვანი სიახლეა ელექტრონული არჩევნების ჩატარება,"-აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი.